აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გეგმით, აჭარაში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება და მეტი ყურადღება დაეთმობა კაპიტალურ და სოციალურ პროექტებს. რა ხარჯებს ამცირებს აჭარის მთავრობა და რა მოცულობის იქნება კლება "საქმიან დილასთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე საუბრობს.
- ბატონო რამაზ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაში რა იგულისხმება?
- ჩვენ 2017 წლისთვის საკმაოდ ამბიციური ბიუჯეტი შევიტანეთ, რომელიც დაახლოებით 83 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მეტ კაპიტალურ პროექტს განვახორციელებთ. ასევე ბიუჯეტი მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებზეა მორგებული. პირველ რიგში, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი კაპიტალური ტრანსფერის სახით, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებში მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამ კუთხით დაახლოებით 25 მილიონი ლარით გაზრდილია და 71 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე ჩვენ საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება შევიდა და მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ახალი ფონდი გაჩნდა და ამ მიმართულებით დამატებით გავითვალისწინებთ 25 მილიონი ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დამატებით საერთო ჯამში დაახლოებით 96 მილიონ-100 მილიონ ლარამდე გაიზრდება მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ფონდი. ეს რომ მთლიანი ბიუჯეტის ხვედრით წილთან შევადაროთ, ამ კაპიტალური ხარჯების მოცულობა დაახლოებით 67%-ია მთლიანი ბიუჯეტის. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ისეთი პროექტების წინ წამოწევას, რაც პირდაპირ ეკონომიკას წაადგება, ასევე ის გარემოებაც მნიშვნელოვანია და ბიუჯეტშიც უკვე დაგეგმილია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს. ეს კონკრეტულ ობიექტებს და ადგილებს ეხება.
- ბიუჯეტის დამტკიცებისას თქვენმა ოპონენტებმა ბრძანეს, რომ თქვენ ახალ წლამდე 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 50 მილიონი ლარით ზრდით, თუ შეიძლება გვითხარით რატომ იზრდება?
- აქ საუბარია შემოსულობების ზრდაზე, შემოსულობები 50 მილიონი ლარით იზრდება. ამას ფაქტობრივი შესრულება უდევს საფუძვლად. რაც შეეხება ხარჯებს, იგი მცირდება. ჩვენ პირველად დავგეგმეთ პროფიციტული ბიუჯეტი. ეს პროფიციტული ბიუჯეტის ნაწილი 22 მილიონ ლარზეა საუბარი, გამოყენებული იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში.
ჩვენ მთავრობის 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობთ, რომელიც ე.წ. "ქამრების შემოჭერის“ პრინციპს ეხებოდა. მაქსიმალურად გვქონდა ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებული, თუმცა მესმის, რომ ეს შეიძლება მასშტაბური თანხა არ გამოჩნდეს მთელი ქვეყნის გადასახედიდან, დაახლოებით 3 მილიონი ლარით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები. ეს წმინდა მომუშავეთა შემცირების ხარჯზე არ მოხდება, არამედ ისეთი ადმინისტრაციული ხარჯებით მოხდება, როგორიც არის მაგალითად, მივლინების, წარმომადგენლობის, ტრანსპორტის, ოფისის თუ სხვადასხვა მიმდინარე ხარჯებია.
- არის თუ არა დაგეგმილი შემცირებები, მათ შორის ადამიანური რესურსის თვალსაზრისით თქვენდამი დაქვემდებარებულ სამინისტროებში და სხვა უწყებებშიც?
- შემცირებას რაც შეეხება, ჩვენ ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ. ეს ადამიანურ რესურსს არ ეხება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სამინისტროები, თითოეულ უწყება უფრო ეფექტური გახდეს და უფრო ეფექტურად იმუშაოს. თუ აქ რაიმე გადაადგილებები მოხდება, მხოლოდ შიდა რესურსის გადანაწილება იგულისხმება და ამ კუთხით უფრო ეფექტური გახდება ეს თუ ის სამსახური, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. შემცირებას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ, საჯარო მოსამსახურეების ხარჯზე ეს არ იგეგმება. ჩვენ უკვე რაც შევამცირეთ და შევიტანეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლეს საბჭოში მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯებია შემცირებული.

























