"რამდენ ხანსაც იქნება საჭირო დალოდება, იმდენ ხანს დაველოდებით", - ასე უპასუხა "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძე კითხვას აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, ოპტიმისტურად განაწყობს. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.
„არსებითად არის ეს დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე. ჩვენი მხრიდან ხელი არის გაწვდილი. ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ეს ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. დაველოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს დღეს კითხვა, 11 თებერვალს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ სხდომაზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, ჰელსინკის კომისია არავისთვის საინტერესო არ არის.




























