მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ სასტუმროს დაუსუბსიდირდა სესხის პროცენტი პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტი 70 მლნ-ია

5fe6e6d1cf04d
თელარა გელანტია
26.12.20 11:50
930
„2200-მა სასტუმრომ ისარგებლა სესხის სუბსიდირების პროგრამით”, - ეს განცხადება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.

საუბარია, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პაკეტის ფარგლებში, საოჯახო, მცირე და საშუალო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში ბენეფიციარს ლარში სესხის პროცენტის - 80%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში სესხის პროცენტის 70%-ს უსუბსიდირებენ. თავდაპირველად სუბსიდირება 6 თვე გრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ 12 თვემდე გახანგრძლივდა. პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

Bm.ge დაინტერესდა, რა თანხაა უკვე ათვისებული და რეალურად, რამდენი უნიკალური ბენეფიციარი ჰყავს სასტუმრო ინდუსტრიის სესხის სუბსიდირების პროგრამას. როგორც გავარკვიეთ, 70 მლნ ლარიდან, ამ დროისთვის, დაფინანსებული ბენეფიციარების სესხებისთვის გადარიცხულია 46,477,445 ლარი, ხოლო პროგრამის უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობა 1 554-ია ანუ ჯამში, სესხის პროცენტი 1 554 ბიზნესსუბიექტს/სასტუმროს დაუსუბსიდირდა.

საქმე იმაშია, რომ თუ ბიზნესუბიექტი პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს, მას შეიძლება 2, 3 ან 4 სხვადასხვა სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდეს. შედეგად, დაფინანსებული განაცხადების/სესხების რაოდენობა უნიკალური ბენეფიციარების/სასტუმროების რიცხვს აჭარბებს.



აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ თავად გაეცნოთ პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც რამდენიმე სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდა.

ამასთან, როგორც bm.ge-ის მიერ პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოდან - „აწარმოე საქართველოში“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, მარტიდან მოყოლებული, ჯამში, სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე სულ 8,059 განაცხადი შევიდა. რაც შეეხება ძირითად 3 მიზეზს, რის გამოც განაცხადები დახარვეზდა, ესაა: პირველი - სესხის მიზნობრიობა არ იყო პროგრამისთვის შესაბამისი, მეორე - განმცხადებელი ფიზიკური პირი არ იყო ინდ.მეწარმე და მესამე მიზეზია მრავალჯერ გამოგზავნილი ერთი და იგივე განაცხადი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები