განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვრის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ფინანსური დავალიანება 6 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა.
ამილახვარი ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო პროგრამაა, რომლით სარგებლობის ვადაც 5 წელია.
„მიმდინარეობს იმ უპრეცედენტო პროგრამის განხორციელება, რომელიც გასულ წელს მთავრობის ინიციატივით დაიწყო და რომლის მიხედვითაც 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება უნულდებათ. დღემდე დაახლოებით 6 ათასამდე, ხუთიათას რაღაცა სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს უწყვეტად მიმდინარეობს. მათ აქვთ 5-წლიანი ვადა, შესაძლებლობა მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს აღიდგინონ სტატუსი და დაუბრუნდნენ აუდიტორიებს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ინფორმაციისთვის, სამთავრობო პროგრამას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, კობახიძის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.