ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებს 18 წელი დასჭირდებათ, რომ განვითარებადი ევროპული ქვეყნების შემოსავალს მიაღწიონ ერთ სულ მოსახლეზე,- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მიმოხილვაში წერია, რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ეხება.
IMF აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, რეგიონის ქვეყნების ცხოვრების დონის გათანაბრებას ევროპის განვითარებადი ქვეყნების ცხოვრების ხარისხთან დაახლოებით 2 ათეული წელი დასჭირდება.
“მიმოხილვაში არსებული რისკების გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პროგნოზები რეგიონისთვის ისტორიულად დაბალია. ამ პროგნოზების გათვალისწინებით, ასევე დემოგრაფიული ტრენდის მიხედვით, საშუალოდ 18 წელი დასაჭირდებათ რეგიონის ქვეყნებს იმისთვის, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნების სტატუსიდან ევროპის განვითარებადი ბაზრების შემოსავალის მქონე ქვეყნების სტატუსი მიიღონ“,- ნათქვამია მიმოხილვაში.
ფონდი მიუთითებს, რომ 2018 წელს და საშუალოვადიან პერიოდში რეგიონში მოსალოდნელია მშპ-ს ზრდის ტემპის დასტაბილურება.
IMF-ის მიმოხილვის მიხედვითვე, ქვეყნებში, რომლებიც ნავთობის იმპორტს ახორციელებენ, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შემცირება 6%-დან(2017 წ.) 5%-მდე 2018 წელს და 4,8%-მდე 2019 წელს. აქვე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური აქტივობა კვლავ დამოკიდებული იქნება ფულად გზავნილებსა და სხვა საგარეო ფაქტორებზე.