მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ხანში ვარაუდობს მერია EBRD-ის მხარდაჭერით 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებას?

637c8a1a34999
BM.GE
22.11.22 12:46
403
რამდენ ხანში ვარაუდობს მერია EBRD-სთან ერთად 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებას? - bm.ge-ის ამ კითხვას თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.

ხმალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც პროექტირების პროცესი დასრულდება და სამშენებლო ხელშეკრულება გაფორმდება, პროცესი ალბათ რამდენიმე წელი გასტანს.

„თბილისის მერია EBRD-სთან ერთად ახორციელებს მეტროების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც არის 55 მლნ ევროიანი პროექტი და ითვალისწინებს მეტროების სრულ რეაბილიტაციას. ამ პროექტში შედის 10 მეტროს რეაბილიტაცია და დანარჩენი მეტროსადგურების საპროექტო სამუშაოების შესრულება. ზუსტი თაიმლაინი გვექნება მას შემდეგ, რაც კონსულტანტები დაწერენ ტექნიკურ დავალებას და გვექნება სრული სურათი.

მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია ზოგად ჭრილში. იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია 10 მეტროსადგურის ერთდროულად გაჩერება და მოგვიწევს ერთდროულად 2 ან მაქსიმუმ 3 მეტროსადგურის გაჩერება, ამის გათვალისწინებით პროექტი რამდენიმე წელი გასტანს. შეიძლება ითქვას, რომ პროექტირების შემდეგ 1 მეტროსადგურის რეაბილიტაციას შეიძლება დასჭირდეს 1 წლის ვადა და ვფიქრობთ სავარაუდოდ 3-4 წლის პროექტია მას შემდეგ, რაც დაიდება სამშენებლო ხელშეკრულება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ: ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა  მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალი - 50 მილიონი ევროს მოცულობის პროექტის შესახებ, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი წარმოადგენს ნაწილს იმ უფრო ფართო პროექტისა, რომელიც EBRD-ის მხარდაჭერით თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარეობს.

პროექტი “მწვანე ქალაქების” სამოქმედო გეგმი ფარგლებში განხორციელდება. EBRD წერს, რომ თბილისი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მწვანე ქალაქების ინიციატივას შეუერთდა.

EBRD აღნიშნავს, რომ მეტროსადგურების რეაბილიტაცია კიდევ უფრო შეუწყობს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ათვისებას და შეამსუბუქებს დაწოლას ქალაქის ქუჩებში არსებულ სატრანსპორტო ნაკადზე.

EBRD-ის მიერ პროექტი, სავარაუდოდ, საბოლოოდ 2023 წლის 25 იანვარს უნდა დამტკიცდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები