მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ასრულებს საქართველო ენერგოგაერთიანების ნორმებს

5be2a1a280edd
BM.GE
07.11.18 12:24
1032
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ 2018 წლის 1 სექტემბერს გამოაქვეყნა განხორციელების ანგარიში, სადაც საქართველო პირველად არის შეფასებული.

G&T ცნობით, ენერგო გაერთიანების სამდივნოს ანგარიშში შეფასებულია 9 ხელმომწერი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკავშირის ნორმებთან (acquis communautaire) სხვადასხვა სექტორის მიხედვით. სამდივნომ შეაფასა თითოეული ქვეყნის 9 სექტორი 37 ქვე-ინდიკატორის მიხედვით. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ჯამური შეფასება დაახლოებით 23%-ია (100%-დან), რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მისაღწევად კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილების გაკეთება მოუწევს. შეფასებული 9 სექტორიდან, საქართველოს შედარებით კარგი შეფასება აქვს ენერგო-სტატისტიკის სექტორში; საკანონმდებლო ცვლილებები ადრეულ ეტაპზეა ელექტროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიების, ენერგო ეფექტურობის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვით სექტორებში, ხოლო ყველაზე დაბალი შეფასება აქვს ნავთობის, გაზისა და კლიმატის სექტორებს.

ენერგო გაერთიანების ქარტიასთან საქართველოს მიერთების ხელშეკრულებაში გაწერილი ვადების მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს ელექტროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიისა და ენერგო ეფექტურობის სექტორებისთვის. ზემოთაღნიშნული წლიური ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე ერთი წელია საჭირო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების სრულად შესასრულებლად, სხვადასხვა ინსტრუმენტების ტესტირებისა და კანონმდებლობის დახვეწისთვის საჭირო პერიოდის გათვალისწინებით. შესაბამისად, საქართველო მიზნად ისახავს ფუნქციონალურად სრულად გამართული კონკურენტული საბითუმო და საცალო ბაზრების არსებობას 2020 წლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები