მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე?

მოსკოვი

საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა სახით დიდი მოცულობის რუსული კაპიტალი შემოვიდა.

რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა საფრთხის შემცველია, რადგან როგორც ცნობილია, კრემლი ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს ხოლმე. ამის საუკეთესო მაგალითად 2006 წელიც გამოდგება, როცა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტეს, შემდეგ კი იყო ემბარგო ქართულ ღვინოზე, რამაც ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა.

“უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ ზრდა დაიწყო, რაც განსაკუთრებით აშკარა 2022-2023 წლებში იყო. ამ დამოკიდებულების მთავარი მიზეზი ფულადი გზავნილები იყო, ასევე მაღალია ტურიზმის მაჩვენებელი, სწრაფად იზრდებოდა ვაჭრობაც. რუსეთის ბევრი მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში და დააფუძნა ათასობით კომპანია. თუმცა 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში სიტუაცია უფრო დასტაბილურდა", - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.

თუ რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩავანაცვლეთ, ღვინის შემთხვევაში რუსეთზე დამოკიდებულება 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ემბარგო მოიხსნა მზარდია და შარშან რეკორდულ თითქმის 183 მლნ დოლარს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ექსპორტირებული ღვინის 66% რუსეთში იყიდება.

ღვინის კომპანია “ასანელის” დირექტორი ირაკლი უგლავა გვეუბნება, რომ ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობენ და შარშან ახალ ბაზრებზეც შევიდნენ მათ შორის, კორეაში, დუბაიაში, მალტასა და კანადაში.

მცდელობა რა თქმა უნდა, არის რომ დივერსიფიცირება გავაკეთოთ. ჩვენზე მეტად ალბათ არავის გაუხარდება რომ ამერიკაში ვყიდდე ან გერმანიაში და აპოლიტიკურ ბაზრებზე ვიყოთ. იმიტომ, რომ ჩვენც ვხვდებით, რომ პოლიტიკურ ბაზარზე ვართ დამოკიდებული და ხვალ შეიძლება დილით გავიღვიძოთ და გვითხრან რომ თქვენი ღვინო მიუღებელია ხარისხის გამო. ეს პერიოდი “ასკანელს” ისე როგორც მთელ ქართულ მეღვინეობას გავლილი აქვს და ძალიან მძიმედ ახსოვთ", - ამბობს უგლავა.

მისივე თქმით, 2024 წელს კომპანიას გაყიდვები მნიშვნელოვნად გაეზარდა დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში. რუსეთის ბაზარზე ღვინის სექტორის მზარდ დამოკიდებულებას კომპანიის წარმომადგენელი ომს უკავშირებს და ამბობს, რომ უკრაინის სახით საქართველომ მნიშვნელოვანი ბაზარი დაკარგა.

“რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე, ჩვენს პორტფელში 11%-ზე მეტი უკრაინის ბაზრის გაყიდვები. ამ კონფლიქტმა ფაქტობრივად ჩამოშალა უკრაინის ბაზარი. დღეს 3%-ია ჩვენს პორტფელში მისი წილი. ამან ავტომატურად გაზარდა რუსეთის წილი. ამ კონფლიქტს ძალიან ცუდი გავლენა ჰქონდა ბალტიის ქვეყნებზეც, იქაც შემოსავლები შემცირდა და ორ წელში გაყიდვების 30%-იანი კლება გვაქვს, მაშინ როცა უკრაინის შემდეგ ის მეორე ბაზარი იყო. ეს გავლენას ახდენს ამ დამოკიდებულების ასე ვიტყვი ვერ შეცვლაზე", - ამბობს ის.

უკვე მრავალი წელია მთავრობა აცხადებს, რომ ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს, რაც ნიშნავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას და ევროპის, აშშ-ის, ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების ზრდას. მაგრამ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვები მზარდია და რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

“რჩება სფეროები, სადაც საქართველო ისევ განსაკუთრებულად არის დამოკიდებული რუსეთზე და ეს საშიშია. რუსეთს ხელთ რჩება საქართველოს დასჯისთვის ეკონომიკური ბერკეტები. ეს არის ჩვენი ექსპორტი რუსეთში ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი", - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

TI-ის წარმომადგენლის თქმით, ასევე მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევა ტურიზმის დარგი, რადგან უკვე რამდენიმე წელია რუსეთი ვიზიტორების რაოდენობაშიც ლიდერობს. შარშან ქვეყანამ რუსი ვიზიტორებისგან დაახლოებით 850 მლნ დოლარი მიიღო, რაც 9%-იანი კლებაა 2023 წელთან შედარებით.

რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი:

2024 წელი - 850.1 მლნ დოლარი;

2023 წელი - 938.4 მლნ დოლარი;

2022 წელი - 891 მლნ დოლარი;

2021 წელი - 151.7 მლნ დოლარი;

2020 წელი - 98 მლნ დოლარი;

"წლებია ვსაუბრობთ, რომ დამოკიდებულება მაღალია და დრო გადის, თუმცა არაფერი იცვლება, რადგან ბუნებაში არ არსებობს სამთავრობო სტრატეგია იმის თუ როგორ შევამციროთ რუსულ ბაზარზე თუნდაც ღვინის დამოკიდებულება”, - გვეუბნება ნამჩავაძე.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საფრთხეს ემატება ისიც, რომ უკრაინაში ინტერვენციის გამო ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანქცირებულ ქვეყნად იქცა. რაც სამომავლოდ რუსულ ეკონომიკას შემცირების საფრთხეს უქმნის, რაც სავარაუდოდ, საქართველოზეც იქონიებს გავლენას, ხოლო მეორე მხრივ იზრდება მეორადი სანქციების რისკიც. თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვას არ აპირებს. ასე მოიქცა ავიაციის შემთხვევაშიც და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წელს ორ რუსულ ავიაკომპანიას საქართველოში ფრენების შესრულების უფლება მისცა.

ევროკავშირის და აშშ-ის ღიად უარყოფითი პოზიციისა და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად, ეკონომიკური სარგებლის მოტივით მთავრობამ ფრენები არჩია. BMG-ის მიმართვის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ არ მოგვცა ინფორმაცია 2024 წელს რუსულმა ავიაკომპანიებმა რამდენი მგზავრი გადაიყვანეს, მაგრამ 2023 წლის სტატისტიკით ორი რუსული კომპანიის წილი ქართულ საავიაციო ბაზარზე მხოლოდ 3% იყო. თუმცა, რუსეთში დაფრინავს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ც, რომელმაც 2023 წელს მგზავრების რაოდენობა გააორმაგა, 2024 წელს კი 57%-იან ზრდას აჩვენებს, თუმცა ზუსტად რა წილი მოდის რუსეთში შესრულებულ ფრენებზე ეს უცნობია.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა დიდი მოცულობის რუსული კაპიტალი მიიღეს. მისივე თქმით, ბოლო სამ წელში ამ კაპიტალის ეფექტით გაიზარდა ეკონომიკა.

“ჩემი აზრით, დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის კაპიტალი დაგვეჯახა. ამიტომ 2022 წელი იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, რადგან 2021 წელი იყო დაბალი ზრდა კოვიდის გამო. 2023-ში ამ ფულმა მოძრაობა დაიწყო, ჰორეკა სექტორში შევიდა, უძრავ ქონებაში, ტურიზმში შევიდა, გადმორიცხვები მოჰყვა და ამან 2023 წელს დამატებითი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანა. 2024-შიც იყო ამ ყველაფრის ეკონომიკური ეფექტი. მაგრამ ეს ზრდა ხომ არ არის მოტანილი ეკონომიკური რეფორმებით ან ბევრი, სისტემური და მიზნობრივი ინვესტიციით", - ამბობს მელიქიძე.

2022 წელს საქართველოში 2.1 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტი იყო. ასეთი მაღალი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ, ისიც გახდა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულ რუსეთის მოქალაქეებს აქ ფულს უგზავნიდნენ. შარშან ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და რუსეთიდან გადმორიცხული თანხა 541 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად ახლა გზავნილებში მას უკვე აშშ და იტალია უსწრებენ.

ფულადი გზავნილები რუსეთიდან:

2024 წელი - 541 მლნ დოლარი;

2023 წელი - 1.5 მილიარდი დოლარი;

2022 წელი - 2.1 მილიარდი დოლარი;

2021 წელი - 411 მლნ დოლარი;

ფულადი გზავნილებისგან განსხვავებით იზრდება რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. თუ 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან 787 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რომელიც თითქმის სრულად ოკუპირებულმა აფხაზეთმა მოიხმარა, შარშან 1.2 მილიარდ კვტს.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია ვიყიდეთ ძირითადად რუსეთიდან. 969 მლნ კვტს ელექტროენერგიაში ქვეყანამ 12 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა. მზარდია რუსეთიდან გაზის იმპორტიც. 2024 წელს საქართველომ რუსული გაზის იმპორტში 32%-ით მეტი გადაიხადა, რაც თითქმის 146 მლ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან გაზის იმპორტის ზრდასთან ერთად მცირდება აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვები, თუმცა ის საქართველოსთვის გაზის ისევ მთავარ მიმწოდებელად რჩება.

რუსული გაზის იმპორტში გადახდილი თანხა:

2024 წელი - 145.7 მლნ დოლარი;

2023 წელი - 110.2 მლნ დოლარი;

2022 წელი - 93.1 მლნ დოლარი;

2021 წელი - 70.8 მლნ დოლარი;

2020 წელი - 36.9 მლნ დოლარი;

რაც შეეხება ვაჭრობასა და ინვესტიციებს, 2022 წელს რუსეთიდან 105 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელია. შარშან სამ კვარტალში FDI 12.3 მლნ დოლარამდეა შემცირებული.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსეთიდან:

2024 წელი (სამი კვარტალი) - 12.3 მლნ დოლაირი;

2023 წელი - 103.2 მლნ დოლარი;

2022 წელი - 105.5 მლნ დოლარი;

2021 წელი - 85.2 მლნ დოლარი;

2020 წელი - 42.2 მლნ დოლარი;

საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ძირითად ნაწილს იმპორტი შეადგენს. საქართველო ჩრდილოელი მეზობლისგან 2.7-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის. რუსეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, მთლიან ექსპორტში 10.4%-იანი წილით. ძირითადი საექსპორტო პროდუქტი ღვინო და სხვა სახის სასმელებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები