მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად დატვირთულია Terminal-ის ქსელი და რატომ გასცა კომპანიამ ორი ფილიალი იჯარით? - ჯინო დოლინი

ტერმინალი

საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი კომპანია Terminal-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯინო დოლინის შეფასებით, Terminal-ის ქსელის 7 ფილიალში საშუალო დატვირთულობა 60–63%-ია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, რაც მათ შორის ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება, Terminal-მა სტრატეგიული ადაპტაცია მოახერხა.

Terminal-ი საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი ქართული კომპანიია. ის მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, ინდივიდუალურ ოფისებს, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებსაც სთავაზობს თბილისსა [5 ფილიალი] და ბათუმში [1 ფილიალი]

კომპანიის 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში "ტერმინალი" სტარტ-აპ ეტაპზე იყო, 2023 წელი მისი მოგებიანობის პირველი წელი იყო და წარმოადგენდა სტაბილიზაციას ბიზნესის სასიცოცხლო ციკლისთვის.; თუმცა, ფაქტორები, რომლებიც ადრე ხელს უწყობდნენ ამ ზრდას - როგორიცაა რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრანტების შემოდინების ეფექტი, რომელთა დიდი ნაწილი ფრილანს მომსახურებებს უწევდნენ საზღვარგარეთ კომპანიებს და იყენებდნენ კომპანიის სამუშაო სივრცეებს, ასევე ამ ქვეყნებიდან პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების სერვისების მიმწოდებელი კომპანიების საქართველოში შემოსვლის ეფექტი, რომლებიც ასევე იყენებდნენ კომპანიის სამუშაო სივრცეებსა და ოფისებს - უკვე ამოიწურა.

„ამ პირთაგან ბევრმა უკვე დატოვა საქართველო და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელმა კომპანიებმაც საკუთარი საოფისე ფართები შეიძინა. გარდა ამისა, ახალი კონკურენტების გამოჩენამ თბილისში, სხვა არახელსაყრელ პირობებთან ერთად, შეცვალა კომპანიის დადებითი ტენდენციები შემოსავლების ზრდის მიმართულებით“, - წერია „ტერმინალის“ ანგარიშგებაში.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯინო დოლინიც აცხადებს, რომ გამოწვევებზე პასუხად, შემოსავლების მაქსიმიზაციისთვის, მენეჯმენტმა ორი ფილიალის [„ვარდების ბაღი“ და „ვერა“] იჯარით გაცემის გადაწყვეტილება მიეღო ანუ ორ ფილიალში სტანდარტული სერვისის მიწოდება შეაჩერა და მთლიანად ერთ მოიჯარეზე გააქირავა.

„სტრატეგიამ გაამართლა - მოგებიანობა გაიზარდა“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება „ტერმინალის“ ფილიალების დატვირთულობის მაჩვენებლებს და კლიენტების გეოგრაფიას, ჯინო დოლინის თქმით, „ტერმინალის“ ქსელის საშუალო დატვირთულობა 60–63%-ია, თუმცა ხუთ ფილიალში 75–90%-მდე აღწევს.

„ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა არის ორი ფილიალი, სადაც გვიჭირს ამ პროცენტულობის გაზრდა - მაგალითად, ბათუმი,“ - ამბობს ის.

დოლინის თქმითვე, ბათუმში მომხმარებლის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ დიდი IT კომპანიები, ძირითადად, ბელორუსული წარმომავლობის, რომლებმაც საქართველოში საქმიანობა დაიწყეს, ბოლო წლებში საკუთარ ოფისებში გადავიდნენ.

„მიგრანტები - ძირითადად ბელორუსი IT სპეციალისტები - ადრე ჩვენთან მუშაობდნენ, მაგრამ მათ შეიძინეს საკუთარი სივრცეები. შედეგად, ჩვენი სივრციდან, დაახლოებით, 100 ადამიანი გავიდა. ამის შემდეგ ადგილობრივი მომხმარებლის მოზიდვა ბათუმში საკმაოდ რთული გახდა, რადგან იქ დეველოპერული ბიზნესია დომინანტი“ — განმარტა დოლინმა.

რაც შეეხება დედაქალაქს, სადაც „ტერმინალს“ 6 ფილიალი აქვს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გვიყვება, რომ თბილისში ვითარება უფრო სტაბილურია.

„ტერმინალის“ მომხმარებლების, დაახლოებით, 75% ადგილობრივი კომპანიებია - მათ შორის ქართული სტარტაპები და საერთაშორისო ბრენდების ადგილობრივი ფილიალები არიან, როგორიცაა „MasterCard“-ი. დანარჩენი 25% უცხოელი მოქალაქეები არიან, ძირითადად, ბელარუსიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ეს მაჩვენებლები ჩვენთან 2018 წლიდან უცვლელია", - ამბობს დოლინი.

როგორც ცნობილია, „ტერმინალი“ მომხმარებლებს საერთო სამუშაო სივრცეებთან ერთად ინდივიდუალურ ოფისებსა და საკონფერენციო დარბაზებსაც სთავაზობს. დოლინის თქმით, ამ მიმართულებით მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით - ტრენინგებისა და პროფესიული კურსების ნაწილში.

„ჩვენთან ძირითადად ტარდება ტრენინგები - ინტერიერის დიზაინი, ბუღალტრული და არქიტექტურული კურსები, ვებ-დეველოპმენტი და ა.შ. თითქმის ყველა ჩვენი საკონფერენციო დარბაზი ყოველდღიურად დაკავებულია. იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ თუ ახალ ფილიალს გავხსნით, ბევრ საკონფერენციო სივრცეს დავამატებთ... ოფისები ჩვენთვის უფრო სტაბილური შემოსავალია, რადგან გრძელვადიანია. ქო-ვორქინგში შეიძლება ერთდღიანი ან ერთთვიანი კონტრაქტიც იყოს, ამიტომ ამ მიმართულებებს კარგად ვაბალანსებთ“, - ამბობს დოლინი.

ჯინო დოლინის თქმით, ბოლო 2.5 წელია ტარიფები არ შეცვლილა - ერთ სამუშაო ადგილზე თვეში 500 ლარია, დღგ-ის ჩათვლით. ამ ფასში შედის კომუნალური ხარჯები და ყველა საჭირო სერვისი.

„500 ლარად თვეში - მიდიხარ ლეპტოპით და მუშაობ. ეს საკმაოდ ბიუჯეტური შეთავაზებაა, განსაკუთრებით ფრილანსერებისთვის, რომლებიც უცხოურ კომპანიებში [საქართველოდან] მუშაობენ. ბაზარზე კონკურენცია არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით მოთხოვნას და ფასს შესაბამისად ვაბალანსებთ“, - ამბობს დოლინი.

მისი თქმით, ზოგიერთ ფილიალში მოქმედებს ფასდაკლებებიც, რაც მომხმარებელთა ტიპსა და დატვირთულობაზეა დამოკიდებული.

„ფასები მერყეობს 350-დან 500 ლარამდე - გააჩნია, რომელი ფილიალია და როგორი მოთხოვნაა“, - დასძინა „ტერმინალის“ დრიექტორმა.

რაც შეეხება „ტერმინალის“ სამომავლო გეგმებს, ჯინო დოლინი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ქსელის გაფართოება დღის წესრიგში არ აქვთ.

„რადგან ეს ქართული კომპანიაა, ინვესტირება მხოლოდ საქართველოშია, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები აქ... ახლა მომავალი ბუნდოვანია“ - ამბობს ჯინო დოლინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები