მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველოს სარკინიგზო დერეფანი

5b36253c1bcb2
დავით ჯალაღონია
29.06.18 16:24
1122
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა „საქართველოს რკინიგზის“ სატარიფო პოლიტიკა კონკურენტი მარშრუტების პირობებს შეადარა.

ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს სარკინიგზო დერეფანი ყველაზე არაკონკურენტუნარიანია. კერძოდ, კვლევის მიხედვით, აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება შავ ზღვამდე საქართველოს რკინიგზის გავლით 56%-ით უფრო ძვირია, ვიდრე გადაზიდვა ბაქო-ნოვოროსისკის ხაზით, თურქმენეთიდან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს გავლით ბათუმამდე 35%-ით არაკონკურენტუნარიანია, ვიდრე მახაჩკალა-ნოვოროსისკის გზით და მესამე დერეფანი - ყაზახეთიდან მომავალი ნედლი ნავთობი, რისი ტრანსპორტირებაც შავ ზღვამდე გადამზიდავებისთვის, ასევე მახაჩკალა-ნოვოროსისკის მიმართულებით უფრო ხელსაყრელია, 24%-ით.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებულ სატარიფო პოლიტიკაში ყოველწლიურად შედის ცვლილებები, მას დადებითი ეფექტი არ აქვს, რაც ძირითადად, მშრალი ტვირთებისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების ტარიფებს შორის განსხვავებებით არის განპირობებული.

„მშრალ ტვირთებზე ვრცელდება სპეციალური ტარიფები. მაგალითად, თუ ტვირთი მოდის ყაზახეთიდან და საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთს გაივლის, სატარიფო პოლიტიკაში ფიქსირებულია სპეციალური ტარიფი, მაგრამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემცირების ფონზე და იმ პირობებში, როცა ნედლი ნავთობი მთლიანად გამქრალია, ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისთვის შემოღებულია ე.წ მოცულობითი ტარიფი, რომელმაც მთლიანად დაკარგა თავისი აზრი, შინაარსი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ პირობითად, ნედლი ნავთობი 2017 წელს 600 000 ტონა იყო, ბუნებრივია, 2.2 მილიონ ტონას, რაც სატარიფო პოლიტიკაში არის დაფიქსირებული, ვერცერთი მეწარმე და სახელმწიფო ვერ მოიტანდა. შესაბამისად, არაპროდუქტიულია ასეთი ტარიფის დაფიქსირება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისთვის ასევე სპეციალური ტარიფი უნდა დაწესდეს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრს 2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვამ 3.6 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით 8%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები