მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მიმზიდველია საქართველო ავსტრიელი ინვესტორებისთვის? - ავსტრიის ელჩის შეფასება

ავსტრიის ელჩი

რამდენად მიმზიდველია საქართველოს საინვესტიციო გარემო ავსტრიელი ინვესტორებისთვის - ამ საკითხზე BMGTV-ს ეთერში თომას მიულმანი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, საუბრობს და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ეს მაჩვენებლები მზარდია.

„ვიტყოდი, რომ სტაბილური ზრდაა, თუმცა რა თქმა უნდა, ხშირად არის ჩავარდნები ან მკვეთრი ზრდა, რაც დამოკიდებულია წელზე და სხვა მსხვილ ინვესტიციებზე. ვფიქრობ, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ზრდამ ასევე აიძულა ბევრი კომპანია, რომ თავიანთი რე-ორიენტირება მოეხდინათ.

საქართველო მისაღები ბაზარია ავსტრიელი პარტნიორებისთვის, ვხედავ პოტენციალს, მაგრამ ის, რაც ავსტრიული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, კვალიფიციური მუშახელის არსებობა, გამართული კანონმდებლობა და სანდოობაა. ვფიქრობ, საქართველოს ბევრი ღირსება აქვს, ბევრი პოზიტიური მხარე, ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უფრო მეტი ავსტრიელი ინვესტორი აღმოაჩენს ამ ქვეყანას“, - ამბობს ავსტრიის ელჩი.

მისი განმარტებით, ქვეყნიდან ახალგაზრდების მიგრაცია ერთ-ერთია იმ გამოწვევებს შორის, რომლებსაც ავსტრიელი ინვესტორები საქართველოში აწყდებიან: „საქართველოს მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს, ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ, რა თქმა უნდა, მათი შენარჩუნება აუცილებელია და საუკეთესო გზა ამის მისაღწევად ერთად მუშაობაა საერთო პროექტებზე, რათა ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური ბაზაც განვავითაროთ და ამ ლამაზ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა მივცეთ“.

რაც შეეხება სექტორებს, რომლებითაც ავსტრიელი ინვესტორები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული, მიულმანის განმარტებით, ქვეყნებს შორის ტიპოგრაფიისა და კლიმატის მსგავსების გამო, მთავარი მიმართულება ტურიზმია.

„ტურიზმის მიმართულება მიმზიდველია, იქნება ეს ინვესტიცია მომსახურების სფეროში თუ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, როგორიც არის, მაგალითად, საბაგირო ტრანსპორტის ან სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარება. მწვანე ენერგია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. წყლისა და ქარის ენერგიის გენერირება ნამდვილად არის მომავლის საქმე“, - ამბობს თომას მიულმანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები