TBC Capital-ი აქვეყნებს მიმოხილვას რამდენად მიმზიდველია უზბეკურ სუმში ინვესტირება.
2024 წლის ოქტომბერში სუმის 1-წლიან კერძო საბანკო დეპოზიტში ინვესტირების შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელი სარგებელი აშშ დოლარში, დაახლოებით, 24.3% იქნებოდა. შესაბამისად, ორგანიზაცია ინარჩუნებს პოზიციას, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება - გლობალურად სუსტი დოლარის შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებაც კი.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით, ადგილობრივი ვალუტის, განსაკუთრებით გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტები მიმზიდველი რჩება.
TBC Capital-ის შეფასებით, უზბეკეთს ცენტრალურ აზიაში ყველაზე მაღალი განვითარების პერსპექტივის მქონე ეკონომიკა აქვს, რომელიც მსოფლიოში არსებული გაურკვევლობის პირობებშიც აგრძელებს ლიბერალიზაციასა და გაციფრულებას. ეს თავის მხრივ აძლიერებს ინვესტორების თავდაჯერებას გრძელვადიან განვითარებასთან დაკავშირებით.
ანგარიშში წერია, რომ 2025 წელს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უზბეკეთის ეკონომიკის 5.8%-იან ზრდას პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის ფონზე ნარჩუნდება ინფლაციური ზეწოლა (10.3%), რის გამოც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14%-მდე გაზარდა.
თიბისი უზბეკეთი (TBC UZ) როგორც ფინანსური სექტორის მთავარი მოთამაშე, ქვეყნის საბანკო პოტენციალს წარმოაჩენს. მისი სესხების პორტფელი წლიურად გაორმაგდა და 777 მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო საცალო დეპოზიტებმა 440 მლნ დოლარი შეადგინა, რაც „თიბისი ჯგუფის“ საერთო დეპოზიტების ბაზის 13%-ია.
უზბეკეთის ეკონომიკის პერსპექტივის შეფასებისას, TBC Capital წერს, რომ რეფორმების გაგრძელების ფონზე უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა მზარდია, თუმცა რჩება გამოწვევები ინფლაციასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, გრძელვადიანი ფუნდამენტი დემოგრაფიის, დიჯიტალიზაციისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის პირობებში ზრდისთვის მიმზიდველ სურათს ქმნის.