სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მზადყოფნის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა, თუ რამდენად მზად არის ქვეყანა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. კერძოდ, შეფასდა, გატარდა თუ არა შესაბამისი ღონისძიებები მთავრობის მიერ - მიზნების განხორციელების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად და მონიტორინგისა და ანგარიშგების ჩარჩოს შესაქმნელად.
„აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მთავრობის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯები 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ კონტექსტში ინტეგრირების, მონიტორინგისა და ანგარიშგების ჩარჩოს ფორმირების მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით შეიქმნა SDG-ების ( მდგრადი განვითარების მიზნები) განხორციელების მაკოორდინირებელი უწყება − SDG-ების საბჭო და თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ საბჭოს.
ამასთანავე, შემუშავდა 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნული დოკუმენტი − SDG-ების მატრიცა, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ეროვნული ამოცანები და შეფასების ინდიკატორების, საბაზისო მონაცემებისა და მონაცემთა წყაროების მნიშვნელოვანი ნაწილი. გარდა ამისა, გატარდა ღონისძიებები ამოცანებზე პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრის კუთხით და მიმდინარეობს მუშაობა მიზნების მიღწევის მონიტორინგისა და ანგარიშგების ვებპორტალის პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით.
მიუხედავად მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობებისა, აუდიტის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრა საჭიროა მიზნების დროულად და წარმატებით მისაღწევად.
2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ კონტექსტში ინტეგრირების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები:
• მიმდინარე მდგომარეობით, მთავრობას SDG-ების მატრიცისათვის არ მიუცია ფორმალური სახე;
• SDG-ების მატრიცის ფარგლებში განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და ინდიკატორები ფრაგმენტულად არის ინტეგრირებული 2019-2022 წლების BDD-ში, სტრატეგიულ დოკუმენტებში, სამინისტროების 2019-2022 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამულ დანართში, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტში; SDG-ების საბჭო და თემატური სამუშაო ჯგუფები არ მოიცავს ყველა რელევანტურ მხარეს. ამასთანავე, არ არის განსაზღვრული სამუშაო ჯგუფებში ჩართული კონკრეტული მხარეები და ამ ჯგუფებში მათი როლები. SDG-ების საბჭოსა და სამუშაო ჯგუფებს არ აქვთ გაცხადებული სამოქმედო გეგმები;
• რიგ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული თითოეული ამოცანის/ინდიკატორის მიღწევაში ჩართული მხარეები და მათი უშუალო პასუხისმგებლობები. ამასთანავე, ფრაგმენტულად არის იდენტიფიცირებული კავშირები SDG-ების ფარგლებში განსაზღვრულ ამოცანებს შორის; • მიზნების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების მოცულობა მიმდინარე მდგომარეობით შეფასებული არ არის.
SDG-ების განხორციელების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების კუთხით გამოვლენილი ნაკლოვანებები:
• SDG-ს მატრიცაში არასრულადაა იდენტიფიცირებული საბაზისო მონაცემები და მონაცემთა წყაროები;
• განსაზღვრული არ არის არც განმახორცილებელი ორგანიზაციების საბჭოსადმი და არც საბჭოს მიერ ანგარიშგების ფორმატი და პერიოდულობა;
• SDG-ების შესახებ გამჭვირვალობის სათანადო დონე უზრუნველყოფილი არ არის, ვინაიდან დაინტერესებულ მხარეებს არ მიეწოდება ერთიანი ინფორმაცია 2030 წლის დღის წესრიგის, SDG-ების მატრიცის, მასში წარმოდგენილი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებები ქმნის რისკებს მიზნების ინკლუზიური, დროული და წარმატებული მიღწევის კუთხით. შესაბამისად, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი ფუნდამენტის ფორმირებას.

























