მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად რაციონალურია, 13 წელი გამწარებით აფინანსებდე რაღაცას და მერე უცებ უარგუმენტოდ გააუქმო?!|გიგა ზედანია

სტუ

"რამდენად რაციონალურია, 13 წელი გამწარებით აფინანსებდე რაღაცას და მერე უცებ უარგუმენტოდ გააუქმო?!" - კითხვას სვამს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმების და თსუ-სთან შერწყმის საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. პროფესორის შეფასებით, ყველაზე უცნაური რამ, დაკავშირებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებასთან, "ქართული ოცნების" პოლიტიკის დაუჯერებელი არათანმიმდევრულობაა.

გიგა ზედანიას პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

"საქმე ისაა, რომ ბოლო ცამეტი წელი სტუ ამ ფორმით მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის პრეფერენციების გამო არსებობს. სტუ ცამეტი წლის განმავლობაში იღებდა იმაზე მეტ წლიურ სახელმწიფო დაფინანსებას, ვიდრე, მაგალითად, თსუ. აი, ერთი, 2020-2021 წლის მაგალითი (სხვა წლებიც ზუსტად ეგეთი იყო, უბრალოდ ილიას უნივერსიტეტს ნაკლებსაც აძლევდნენ ხოლმე):

ა) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2,524,500 ლარი;

ბ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 3,966,750 ლარი;

გ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 900,000ლარი;

დ) აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2,124,000 ლარი;

ე) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 967,500 ლარი;

ვ) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 562,500 ლარი;

ზ) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 587,250 ლარი;

თ) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 659,250 ლარი;

ი) გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 207,000 ლარი;

კ) შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 225,000 ლარი.

ეს არის ე. წ. "უფასო ფაკულტეტების" ანუ უნივერსიტეტებისთვის პროგრამული დაფინანსების თანხები, რომლებზეც სტუდენტები უფასოდ სწავლობდნენ. ამ 'უფასო ადგილებით' სტუ თავისი დაახლოებით, 18 000 სტუდენტიდან ერთდროულად, უხეშად რომ დავთვალოთ, 7000 სტუდენტს (ანუ სადღაც 40%-ს) 'უფასოდ' ასწავლიდა (ეს - სტუდენტური გრანტების გათვალისწინების გარეშე).

ილიაუნის, დაახლოებით, 17 000 სტუდენტი ჰყავს, ოღონდ მისი ასეთი 'უფასო' ადგილი 1600-ს შეადგენს (10%-ზე ნაკლებს), თსუ-ს, თავისი 25 000 სტუდენტით - სადღაც 4500 'უფასო' ადგილი (20%-ზე ნაკლები).

ამასთან, სტუ-ს ინფრასტრუქტურის რემონტის ფულსაც აძლევდნენ უკანასკნელ წლებში (ბოლოჯერ ილიაუნის ეგ ფული, მგონი, 2015 წელს მისცეს).

მოკლედ, სახელმწიფო უნივერსიტეტები სინამდვილეში დიდწილად როგორც კერძო უნივერსიტეტები ფუნქციონირებენ, რომლებსაც სახელმწიფო ცოტ-ცოტას ეხმარება, მაგრამ ამათ შორის 'ყველაზე სახელმწიფო' უნივერსიტეტი 2013 წლიდან ერთმნიშვნელოვნად იყო სტუ.

ცხადია, აქ ვერ ავუვლით გვერდს ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების ხსენებას, რომლებიც ამ დღეებში საბოლოოდ და კონსტიტუციის შეუსაბამოდ გააუქმეს. მაგრამ, ამის მიღმა, რამდენად რაციონალურია, ცამეტი წელი გამწარებით აფინანსებდე რაღაცას და მერე უცებ ის ერთი დარტყმითა და უარგუმენტოდ გააუქმო?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა: ამ - ძალიან უხეშად დათვლილი - რიცხვებიდან კარგად ჩანს, რამდენად მიზერულია სახელმწიფო დაფინანსება (სტუ-ს შემთხვევაშიც კი, სხვა უნივერსიტეტებზე რომ არაფერი ვთქვათ) და რატომ არის შეუძლებელი იმის დაჯერება, რომ თუ ეს დაფინანსება რადიკალურად არ გაიზარდა (რისი თანხებიც სახელმწიფო ბიუჯეტში არ დევს), მაშინ - "უფასო განათლების" დაპირისპირების შესაბამისად და საერთაშორისო სტუდენტების 'წართმევის' ფონზე - სექტორს დიდი შემცირება მოუწევს. და ეს მხოლოდ სტუდენტების რაოდენობის შემცირების ხარჯზე შეიძლება გაკეთდეს.

ბოლო დასკვნა უფრო პოლიტოლოგიური იქნება: ამ რიცხვებიდან ისიც ჩანს, რომ სტუ-ს პროფესურის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერა (რომელზეც ბევრი ირონიული კომენტარი შემხვდა ამ დღეებში) სრულიად რაციონალური არჩევანი იყო. დიდი ბოდიში განზოგადებისათვის, მაგრამ, ძალიან პრიმიტიულად რომ ვთქვათ, ხალხს "დიფ სტეიტის" შეთქმულების კი არ სჯეროდა, არამედ სახელმწიფოს ძალიან კეთილ ნებას გრძნობდა 2013 წლიდან. ქართული ოცნების წინაშე კი ახალი პრობლემები დადგება, თუ ამ გეგმებზე ხელი არ აიღო: ახლადშესაქმნელ უნივერსიტეტში ის კმაყოფილ და მხარდამჭერ კადრებს ვერ გააჩენს, იმიტომ რომ ფულის დაზოგვას აპირებს და არა - ინვესტირებას; თან ამ ცვლილებებს არნახული ადმინისტრაციული ქაოსი მოჰყვება, რომელიც სასტიკად გააღიზიანებს ყველას, პროფესორიან-თანამშრომლიან-სტუდენტიანად, ხოლო ყოველი ქუჩაში გაგდებული თანამშრომლისგან ის მიიღებს გადამტერებულ ძალას.

პროტესტის წინააღმდეგ ახლად მიღებული კანონები, ცხადია, ფაქტორია, მაგრამ დეპრივაცია ("შიმშილი") კიდევ უფრო ძლიერი ფაქტორი იყო ისტორიაში ყოველთვის.

2002 წელს, ნაცმოძრაობის მიერ გატარებულ რეფორმამდე, საქართველოში 150 000 სტუდენტი იყო. წელსაც, დაახლოებით, 150 000 ქართველი სტუდენტია (პლუს დაახ. 40 000-მდე - უცხოელი, რისი წარმოდგენაც, ცხადია, რევოლუციამდელ საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა). ყველაზე ცოტა სტუდენტი ისტორიაში საქართველოს ჰყავდა 2007-2012 წლებში - ძალიან ბევრ პოზიტიურ ნაბიჯს მაშინ ეს სრულიად ნეგატიური შედეგიც მოყვა. საინტერესო სტატიის დაწერა შეიძლება კორელაციაზე საპროტესტო განწყობებსა და სტუდენტების რაოდენობის შემცირებას შორის. შეხედეთ მცირე სტატისტიკას ასეთი ჰიპოთეტური სტატიისათვის ატვირთულ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები