მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად რეალურია, საქართველო “ექვს ერში” ვიხილოთ? - რაგბის კავშირის განმარტება

საქართველოს რაგბის კავშირი

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა სარაგბო ნაკრებმა “რაგბი ევროპის” გათამაშება მიჯრით მეშვიდედ მოიგო, გლობალურ პრესაში არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებსა და მის დივიზიონში არსებულ ნაკრებებს შორის ნაპრალი კიდევ უფრო გაღრმავდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა მოსაზრება, თითქოს მთავარი ევროპული სარაგბო ტურნირი - “ექვი ერი” უნდა გაფართოვდეს და “შვიდ ერად” გადაკეთდეს, ხოლო მეშვიდე წევრად, სწორედ საქართველო დაიმატოს.

რამდენად რეალურია, საქართველო რეფორმირებული “ექვსი ერის” ტურნირში ვიხილოთ? ამ კითხვას, “საქმიან საღამოში” საქართველოს რაგბის კავშირის კომერციულმა დირექტორმა, მაიკო შიშნიაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს რაგბის კავშირი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს “ექვსი ერის” ორგანიზაციასთან აწარმოებს, ხოლო თავად ეს მოლოდინი - რეალურია.

“გვჯერა, რომ ეს რეალურია. ზუსტად არ ვიცით, ეს რა ფორმით მოხდება, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველო “ექვს ერში” მეშვიდე ან მეექვსე ქვეყნად მონაწილეობას. “რაგბი ევროპის” გათამაშებაში საქართველომ ზედიზედ მეშვიდედ და ჯამში მეთექვსმეტედ გაიმარჯვა და ვფიქრობთ, რომ ახლა, უფრო დიდი გამოწვევისთვის ვართ მზად.

“ექვსი ერის” ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს და პირველი შედეგი ის იყო, რომ წელს, 18 წლამდე ნაკრები “ექვსი ერის” ახალგაზრდულ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ვმუშაობთ იმაზეც, რომ “ექვსი ერის” ტურნირში მონაწილეობა 20-წლამდელთა ნაკრებმაც მიიღოს და ბუნებრივი გაგრძელება იქნება, თუ “ექვსი ერის” წევრი ჩვენი ეროვნული ნაკრებიც გახდება.

თქმა იმისა, კონკრეტულად როდის და რამდენ ხანში გაწევრიანდება საქართველო “ექვს ერში”, რთულია, მაგრამ ჩვენი ოცნებაა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს”, - აღნიშნა მაიკო შიშნიაშვილმა “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები