მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად სამართლიანია ფიზიკურ პირებზე საგადასახადო ამნისტია? - Kudos Georgia-ს მოსაზრება

ქუდოს

მთავრობამ ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ფიზიკურ პირებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ ვალებზე დარიცხული საურავი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტია 145 ათასი მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება. შესაბამისად, ერთ მოქალაქეს საშუალოდ 4,068 ლარი ჩამოეწერება.

Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი ირაკლი ჟვანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კეთილსინდისიერად გადამხდელი მეწარმეებთან მიმართებით უსამართლოა, თუმცა, ამნისტირებული მოქალაქეების თუნდაც ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობაში დაბრუნება, მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება.

პრეცედენტის დაშვების ნეგატიურ გავლენაზე საუბრისას ჟვანიამ აღნიშნა, რომ სამომავლოდ აუცილებელია მსგავს ქმედებებზე დროული რეაგირება განხორციელდეს.

„ერთ მხარეს არის 145 ათასი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად მიიღებს ამ სიგნალს, თუმცა, მეორე მხარეს არის უფრო მეტი ადამიანი, რომლებიც პირნათლად იხდიან გადასახადებს და მათ უჩნდებათ განცდა, რომ მთავრობა შეიძლება სამართლიანად არ მოქმედებს.

ამ 145 ათას ადამიანთან ალბათ სახელმწიფოს დაწყებული აქვს აღსრულებითი ღონისძიებები, იქნება ეს ანგარიშების დაყადაღება თუ სხვა ქმედებები, ახლა კი ისინი საშუალებას მიიღებენ, რომ დაუბრუნდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როცა მათი ანგარიშებს ყადაღა ედება, ასეთ დროს ადამიანები მიმართავენ ოჯახის წევრებს, ახლობლებს მეწარმეებად რეგისტრაციისთვის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ხანდაზმულობის ვადა იყო გასული, ცხადია, რომ ამის ამოღება შეუძლებელი იქნებოდა, ვიცით რომ დავების რაოდენობიდან გამომდინარე საქმეების განხილვა წლობით ხდება.

ასეთი პრეცედენტების დაშვება გარკვეულწილად გავლენას ახდენს, თუმცა ამის საპასუხოდ უფრო მეტად უნდა იყოს აღსრულების მექანიზმი ჩართული, უნდა იყოს სწრაფი რეაგირება. იმდენად ხშირად იცვლება საგადასახადო კოდექსი და იმდენი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ადამიანებს გარკვეულწილად შეიძლება შეცდომითაც მოსდიოდეთ ეს, ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ირაკლი ჟვანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები