საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე მზარდი ფასის გამო საქართველოში ბოლო პერიოდში ნავთობ იმპორტიორებისათვის აქციზის შემცირების, ან სხვა ტიპის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკითხზე დისკუსია გააქტიურდა, თუმცა ეკონომისტების ნაწილი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას გამართლებულად არ მიიჩნევს.
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ფიქრობს, რომ მოკლე ან გრძელვადიანი დროით მთავრობისთვის ეს გადაწყვეტილება რეალურად ქამრების შემოჭერაზე გავა, ხოლო რა იქნება ინფლაციის შემცირებაში ამ გადაწყვეტილების წილი, ეს გლობალურად ბუნდოვანი ვითარებიდან გამომდინარე, დათვლის საშუალებას არ იძლევა.
“აქ საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტმა უნდა დაკარგოს რამდენიმე ასეული მილიონი ლარი, ეს შესაძლებელია, თუმცა შესაძლებელია რეალურად ქამრების შემოჭერის ხარჯზე და არა ისე, რომ ამბობენ ხოლმე და მერე ხელფასებს იზრდიან, ანუ საკმაოდ ხარჯიანი ეს ამბავი.
რა თქმა უნდა, ეს გავლენას იქონიებს ფასებზე, პირდაპირ აისახება ბენზინის ფასზეც და სხვა პროდუქტების ფასებზეც, იმიტომ რომ საწვავი ბევრი რაღაცის ღირებულებაში შედის და ინფლაციას დაეხმარება გარკვეული პერიოდით მაინც, თუმცა მერე რა მოხდება ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ნავთობზე ფასების ზრდა ჯერჯერობით გაჩერებული არ არის, დიდი შანსია რომ მაინც გაიზარდოს ბენზინის ფასი ოღონდ ნაკლები ნიშნულიდან გაგრძელდება ზრდა.
საბოლოოდ ეს დანაკლისი რასაც ბიუჯეტი მიიღებს, იქნება დროებითი თუ სამუდამო, სულ გააუქმებენ თუ შეამცირებენ აქციზს, ხალხს დაეხმარება. უბრალოდ საკითხავია რამდენად შეუძლია ღარიბი ქვეყნის ღარიბ ბიუჯეტს ამხელა შემოსავალი მოიკლოს, თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ რომ ეს ბიუჯეტი ხშირად იხარჯება არამიზნობრივად.
ხელისუფლება უნდა იყოს ფრთხილად და არ აყვეს პოპულიზმს, როგორც ეს ხშირად მას სჩვევია. ხედავს რომ ხალხი ითხოვს აქციზის გაუქმებას ფასების შესამცირებლად, რა თქმა უნდა ხალხი ამას ითხოვს, მაგრამ ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს პოპულისტური გადაწყვეტილებები.“ - განაცხადა bm.ge-თან საუბრისას ბერიკაშვილმა.




























