ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა ე.წ. ნიტრატის საზომებით ხილისა და ბოსტნეულის შემოწმების კადრები, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ხელსაწყოები არასანდოა და შედეგებმა შესაძლოა მომხმარებელი შეაცდინოს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისის ბოლოს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ნიტრატების ნორმის გადაჭარბება მხოლოდ კომბოსტოსა და ჭარხლის რამდენიმე ნიმუშში დაფიქსირდა, დანარჩენი პროდუქცია კი ნორმის ფარგლებშია.
"ელკანას" დირექტორი მარიამ ჯორჯაძე აცხადებს, რომ აღნიშნული აპარატებით გაზომვის შემთხვევაში ცდომილება შეიძლება 25-50%-მდე იყოს, ამიტომ არასანდოა. როგორც მან BMGTV -ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, პროდუქტის ხარისხის გასაგებად უმჯობესია, მომხმარებელი მწარმოებელს ენდობოდეს, რომ ის საკვებად ჯანმრთელობისთვის ნამდვილად სასარგებლო პროდუქტს აწარმოებს.
„სურსათის წარმოების სისტემა ჩვენთან სრულიად ახალი ასაწყობია. გვინდა, ეს ევროპული მიმართულებით წავიდეს, სადაც არის სპეციალური სამჩევლო მომსახურებები, სადაც სურსათის მწარმოებელი ვალდებულია მინიმალური განათლება მაინც ჰქონდეს. ზოგადად ეს აპარატები რომლებიც იყიდება, არასწორად ზომავს, ცდომილება შეიძლება იყოს 25-50% -მდე, ამიტომ ამისი ასე შემოწმება არ ხდება. თუ გვინდა, სწორი წარმოება გვქონდეს, მნიშვნელოვანია წარმოების ჯაჭვი, ანუ სრული პროცესი გავაკონტროლოთ, თუ რა იქნა გამოყენებული ამ პროცესში. თავდაპირველად კი ნიადაგის ანალიზით უნდა დავიწყოთ.
ძალიან ბევრი პესტიციდი, თანამედროვე საშუალება, ე.წ დუსტი, ამოღებულია ხმარებიდან, რადგან არის ძალიან სახიფათო. ძალიან დააბინძურა, დაანაგვიანა დედამიწა. საბოლოო პროდუქტში, ჩვენ არც ვიცით რა უნდა ვეძებოთ. ნიტრიტი და ნიტრატი ვიცით, მაგრამ დანარჩენი უზარმაზარი სპექტრია სხვადასხვა მეტაბოლიკების, რომლის განსაზღვრა თუ დავიწყეთ, ეს პროდუქტს ძალიან გააძვირებს.
მომხმარებელმა სანდო მწარმოებლისგან უნდა შეიძინოს პროდუქცია. როცა იცნობ მწარმოებელს, ან როცა ენდობი ბრენდებს და სერთიფიცირების სისტემებს. ასეთი სისტემები არსებობს, რომელიც ამას ამოწმებს და სპეციალური ხერხები არსებობს, ისინი ზუსტად ამოწმებენ პროცესს ეჭვის შემთხვევაში აკეთებენ სათანადო ქიმიურ ანალიზებს აკრედიტირებულ ლაბორატორიებში“, - განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ.




























