კერძო სექტორის ნაწილი პოტენციური რისკების მქონე ნაგებობებზე ადრეული განგაშის სისტემების მონტაჟს ითხოვს. საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სისტემები მხოლოდ ორ ჰესზეა დამონტაჟებული. შესაბამისად, ენერგეტიკოსები თვლიან, რომ კაშხლების კონტროლი და რეგლამენტი აუცილებელია. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას განცხადებით, მსგავსი სისტემები მხოლოდ ჟინვალჰესსა და ენგურჰესზეა დამონტაჟებული. როგორც ის ამბობს, ქვეყანაში უამრავი კაშხალია, რომელიც 60 წელზე მეტი ხნისაა და მათი კონტროლი ახალ კაშხლებთან ერთად, აუცილებელია. მირცხულავას ინფორმაციით, კაშხლების უსაფრთხოების კანონმდებლობის შემუშავებაში ფრანგი და შვეიცარიელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული და მათთან ერთად საკითხის სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად საკმაოდ დიდი სამუშაოა გაწეული. bmg-იმ კანონმდებლობის საკითხზე სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასაც ჰკითხა, თუ როდის შევა პარლამენტში სექტორის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი. ნარმანია ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ კანონპროექტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მალე წარედგინება, ხოლო მისი ძალაში შესვლის საკითხი უკვე პარლამენტზე იქნება დამოკიდებული.