დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ლელა სტურუას იმედი აქვს, რომ ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთს კიდევ გაზრდის.
როგორც სტურუამ BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა, აქციზის გაზრდის შედეგად ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება არ შემცირებულა.
"მეტიც - გაიზარდა კიდეც მოხმარება, განსაკუთრებით ქალებში. მსოფლიოში დადგენილია, რომ აქციზის ზრდა არის ნომერ პირველი, ყველაზე ეფექტური საშუალება ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის. აქციზის ზრდა უნდა იყოს სერიოზული და არა ისეთი, როგორიც საქართველოში განხორციელდა. სამწუხაროდ, ჩვენთან სიგარეტზე - კოლოფზე ფასი არის ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენს - მეზობელ ქვეყნებში. მხოლოდ ერთ ქვეყანაშია ჩვენი დონის ფასი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან აქციზის განაკვეთის სერიოზული ზრდა არ განხორციელებულა, ნამდვილად არ ღირს ველოდოთ, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება შემცირდებოდა“, - განაცხადა სტურუამ.
ის იმედს გამოთქვამს, რომ 1 მაისიდან ამოქმედებული რეგულაციებიც თამბაქოს მოხმარების შემცირებაშიც თავის წვლილს შეიტანს, მაგრამ თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის იმედებს ყველაზე მეტად აქციზის ზრდაზე ამყარებს.
"იმედი მაქვს, რომ ფინანსთა სამინისტრო ძალიან მალე კვლავ გაზრდის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთს ეს ვალდებულება აქვს ქვეყანას და უნდა გავაკეთოთ. ფინანსთა სამინისტრომ თვითონ იცის, აქციზის ფასი როდის გაზარდოს. რამდენადაც ვიცი, 2018 წელს ეს უნდა განხორციელდეს, მაგრამ ზუსტად როდის გაზრდიან და რა ნიშნულით, არ ვიცი", - განაცხადა სტურუამ.