დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე აქტიური ხელშეკრულება 30 278 სოციალურად დაუცველ პირს აქვს. უწყების მიერ BMG-ისთვის მოწოდებული სტატისტიკა 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებს ასახავს.
სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ღია შრომის ბაზარზე 29 704 პირია დასაქმებული.
"საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება 2680-მა პირმა მოახდინა. სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ხელშეკრულება 7 546 დასაქმებულს შეუწყდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს "დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშის" მიხედვით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2023 წელს 39 999 სოციალურად დაუცველი იყო დასაქმებული. დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია.