მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა თბილისის ბაზრობების შემოწმების შედეგად? - სტატისტიკა

5f1e8cdd639b6
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.20 12:24
1241
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბექა ფერაძის განცხადებით, თბილისში ბაზრობების შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო 16 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში თბილისში არსებულ ყველა ბაზრობაზე შემოწმება განხორციელდა.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ ბაზრების და ბაზრობების შემოწმება. თბილისის მასშტაბით, გასულ კვირას, ფაქტობრივად, ყველა ბაზარი: ლილო, ელიავა, დეზერტირების ბაზრობა, ნავთლუღის ბაზრობა, ასევე, დიდუბის, გლდანის, ვარკეთილის და დიღმის ბაზრობები შემოწმდა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, შემოწმებას უწყებათაშორისი ინტეგრირებული ჯგუფები აწარმოებენ და ბიზნეს სუბიექტებს გარკვეულ ინფორმაციას აწვდიან.

„მონიტორინგს ვახორციელებთ ერთობლივი ინტეგრირებული ჯგუფებით, რომელშიც შრომის ინსპექციასთან ერთად სურსათის უვნებლობის სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საზედამხედველო სამსახურის და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები შედიან“, - აღნიშნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, ბაზრობებზე 16 ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა.

„მიუხედავად სამდღიანი მუშაობისა, გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებთან კვლავ ხარვეზები და დარღვევები გამოვლინდა. იძულებული გავხდით, გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი: ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნეს სუბიექტი, დეზერტირებზე - 1 ბაზრობა, ნავთლუღში -2, დიდუბეში - 3 ბაზარი, ვარკეთილში - 1“, - განაცხადა ფერაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით პასუხისმგებლობა ენიჭება როგორც ხელისუფლებას, ასევე ბიზნეს სუბიექტებსა და მოქალაქეებს.

„მხოლოდ კონტროლი აქ არ იქნება ეფექტური და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქემ ასევე ბიზნესსექტორმა.

იმის გამო რომ მსგავსი ხარვეზები არსებობდა რეკომანდაციების დაცვის თვალსაზრისით, ჩვენ პირდაპირ არ დავაჯარიმეთ, ჩვენ სამ დღიანი წინა სარეკომენდაციო ხასიათის ვიზიტები გვქონდა და თითოეულ მათგანთან გვქონდა კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა კვლავ დაფიქსირდა ხარვეზები და გამოყენებულ იქნა შესაბამისი სანქცირების მექანიზმი. ეს არის ის უკიდურექსობა, რომ ჩვენ არ გვინდა და სანქცირება არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ვდგებით იმ აუცილებლობის წინაშე რომ ეს იყოს ამოქმედებული“, - განმარტა ბექა ფერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები