59.5 პროცენტი 48.5 პროცენტის წინააღმდეგ - ამ შედეგით დასრულდა 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.
დღეს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც კანდიდატების მიერ ტელევიზიებში განთავსებულ რეკლამებს ეხება. დოკუმენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიერ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტებში 422,095 ლარის აცდენაა.
“კონკრეტულად კი, კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე პირველ ტურში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" "რუსთავი 2"–ში განთავსებული ჰქონდა 855,036 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით აღნიშნული რიცხვი 610,843 ლარს შეადგენს.
ამასთანავე, კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს "რუსთავი 2"-ზე განთავსებული ჰქონდა 454,286 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით აღნიშნული რიცხვი 632,188 ლარს შეადგენს", - წერია კომისიის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სატელევიზიო ფასიან პოლიტიკურ რეკლამაზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეკლამების განაწილება ასეთია:
ფასიანი რეკლამების ღირებულება:
სალომე ზურაბიშვილი - 4,967,848 ლარი.
გრიგოლ ვაშაძე - 2,383,708 ლარი;
დავით ბაქრაძე - 600,555 ლარი.
GNCC-იმ ასევე დათვალა თუ რა იქნებოდა იმ რეკლამის საბაზრო ღირებულება, რომელიც მაუწყებლების ეთერში პოლიტიკურმა პარტიებმა უფასოდ განათავსეს. კომისიის მონაცემებით, ყველაზე მეტი უფასო რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა და ის 9,752,702 ლარს შეადგენს, დავით ბაქრაძის უფასო რეკლამა – 5,032,654 ლარს, კახა კუკავას რეკლამა 3,768,919 ლარის, ხოლო სალომე ზურაბიშვილის უფასო რეკლამა კი 2,647,891 ლარს შეადგენდა.
კვლევა ძირითადად ორ ტელე მაუწყებელს "რუსთავი 2"-სა და "იმედს" ეხება. წინასაარჩევნო პერიოდში "რუსთავი 2"–ზე ჯამში ორივე ტურის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ – 9,174,146 ლარი შეადგინა. აქედან ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 3,744,651 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ – 5,429,495 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში "ტელეიმედზე" საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ – 7,042,253 ლარი შეადგინა. აქედან ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 1,771,453 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ – 5,270,800 ლარი შეადგინა.
კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-მა წინასაარჩევნო პერიოდში გაზარდა უფასო რეკლამის მოცულობა, რაც კომისიის შეფასებით კანონით დადგენილ ვალდებულებას არ წარმოადგენდა:
“წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტები გაზარდა, რისი ვალდებულებაც მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც დაინტერესდა და კომისიისგან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის სრულად იქნა მიწოდებული. ზემოაღნიშნული ლიმიტების გაზრდით "რუსთავი 2"–ზე გრიგოლ ვაშაძემ (მხარდამჭერ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან ერთად) კანონით გათვალისწინებული უფასო პოლიტიკური რეკლამის სავალდებულო ლიმიტებს მიღმა დაეთმო 388 წუთით მეტი დრო, რისი მიახლოებითი ღირებულება – 1,281,511 ლარი იყო,”- წერია ანგარიშში.

























