აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 180-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას ინვესტორები ძალიან უარყოფითად შეხვდნენ და საფონდო, სასაქონლო და კრიპტობირჟებზე პანიკა დაიწყო, რომელმაც კაპიტალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გადინება გამოიწვია. შედეგად, კაპიტალის ბაზრებიდან რამდენიმე ტრილიონი დოლარი გავიდა.
ოთხშაბათის, ანუ ტარიფების გამოცხადებამდე ბოლო სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ S&P 500-ის ინდექსმა 7.3%-ით, Dow Jones-მა 7.3%-ით, NASDAQ-ის კომპოზიტურმა ინდექსმა კი 6.8%-ით იკლო. მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა მსოფლიოშიც: NIKKEI 225-ის მაჩვენებელი 8.9%-ით შემცირდა, Shanghai-ის კომპოზიტურმა ინდექსმა კი 7%-იანი კლება დააფიქსირა. ასევე მკვეთრად, კერძოდ 8%-ით იკლო STOXX 600-ის მაჩვენებელმა.
გამომდინარე იქიდან, რომ საფონდო ინდექსები, უმეტესწილად, მსოფლიოს უდიდესი კომპანიებისგან შედგება, ყველაზე მკვეთრად ფასების ცვლილებას სწორედ ეს კომპანიები და მათი დამფუძნებლები გრძნობენ. თან, ბოლო დღეების ვარდნა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოს ათ უმდიდრეს ადამიანს შორის მხოლოდ ერთმა იხეირა. ეს ადამიანი უორენ ბაფეტია, რომელმაც წლის დასაწყისიდან $12.7 მილიარდი იშოვა.
ბოლო სამ დღეში, მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში $341.1 მილიარდი დაკარგა, რაც ასეთ მოკლე პერიოდში კლების ერთ-ერთი ანტირეკორდია. აბსოლუტურ რიცხვებში, ყველაზე მეტად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გაღარიბდა, რომლის ქონებამ $130 მილიარდით იკლო. რეალურად, ილონ მასკი ის ადამიანია, რომელმაც ბოლო დღეებში პლანეტაზე ყველაზე მეტი ფული დაკარგა. სამეულში კი, ასევე ვხვდებით ჯეფ ბეზოსს და ლარი ელისონს.
რამდენი ფული დაკარგა ათმა უმდიდრესმა ადამიანმა ტარიფების დაწესების შემდეგ?
#1 — ილონ მასკი
ქონება: $302 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: -$130 მლრდ
#2 — ჯეფ ბეზოსი
ქონება: $193 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: -$45.2 მლრდ
#3 — მარკ ზაკერბერგი
ქონება: $179 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: -$28.1 მლრდ
#4 — ბერნარ არნო
ქონება: $158 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: -$18.6 მლრდ
#5 — ბილ გეიტსი
ქონება: $155 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: -$3.4 მლრდ
#6 — უორენ ბაფეტი
ქონება: $155 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: +$12.7 მლრდ
#7 — ლარი ელისონი
ქონება: $150 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: -$42.1 მლრდ
#8 — ლარი პეიჯი
ქონება: $134 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: -$34.6 მლრდ
#9 — სტივ ბოლმერი
ქონება: $127 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: -$19.5 მლრდ
#10 — სერგეი ბრინი
ქონება: $126 მლრდ
1-ელი იანვრის შემდეგ: -$32.3 მლრდ




























