მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი კონტრაქტია დადებული საქართველოდან აშშ-ს ლობისტურ კომპანიებთან

5e370cd1ad186
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.20 21:51
2884
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს საჯაროა.

თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულებისა და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

FARA-ს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში გაფორმდა/აქტიური იყო ხელშეკრულებები შემდეგ კომპანიებთან:

  • Chartwell Strategy Group, LLC - დამკვეთი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; 
  • JPW Communications - დამკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 
  • StrateVarious LLC - დამკვეთი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; 
  • Hill and Knowlton Strategies, LLC - დამკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 
  • Orion Strategies LLC - დამკვეთი პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.” 


ამ კონტრაქტებს შორის ყველაზე ახალია კომპანია Chartwell Strategy Group-თან არსებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 2020 წლის 27 იანვარს მოეწერა.

მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა Chartwell Strategy Group-ს ქირაობს, რათა მიიღოს დახმარება აშშ-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის.

"რეგისტრანტი იმუშავებს, რათა გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გზით, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას აშშ-ის კონგრესსა და ადმინისტრაციასთან იმგვარი კომუნიკაციის დამყარებაში, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერას ზრდის. რეგისტრანტი ამასთანავე იმუშავებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში უფრო მეტი FDI-ის მოზიდვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეგისტრანტი ამერიკულ და გლობალურ მედიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ,"- ნათქვამია ხელშეკრულებაში.

ხელშეკრულება 2020 წლის 27 იანვარს არის გაფორმებული და ის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას წარმოადგენს. თავდაპირველი ხელშეკრულებით Chartwell Strategy Group-ის სერვისის ყოველთვიური საფასური $65,000 დოლარი იყო. შესაბამისად, კონტრაქტის წლიური ღირებულება $780,000 დოლარია.

რაც შეეხება ლობისტურ კომპანია ლობისტური კომპანია Hill+Knowlton Strategies-ის, ის ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო დაქირავებული. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის 7-თვიანი ხელშეკრულება მოქმედებდა, რომლის ყოველთვიური ღირებულებაც $107,142 იყო.

კონტრაქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ Hill+Knowlton Strategies დაიქირავა, რათა მიეღო დახმარება აშშ-საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის. ხელშეკრულების კონკრეტული მუხლები კი, ასეთი იყო:

  • Hill+Knowlton Strategies-მა უნდა ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის კვლევა; 
  • განსაზღვროს შესაბამისი აუდიტორია და მისთვის მოაწყოს სავაჭრო+საინვესტიციო ფორუმები, რომლებიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დაახლოებისკენ იქნება მიმართული; 
  • გადაამზადოს და შექმნას რეგიონალური ბიზნეს კოალიცია, აღნიშნული კოალიციისთვის მოამზადოს ახალი ვებგვერდი; 
  • დაგეგმოს და განახორციელოს შეხვედრები კვლევით ინსტიტუტებთან, მოახდინოს მათი ინფორმირება; 
  • იმუშაოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან - ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ამ საკითხებზე; 
  • მოაწყოს შეხვედრები მედიასთან და სავაჭრო კავშირებთან, რათა პოპულარიზება გაუწიოს საქართველოს; 
  • უზრუნველყოს ფასიანი მედია კონტენტის განთავსება, რისთვისაც Hill+Knowlton Strategies ქვეკონტრაქტორ კომპანიებს დაიქირავებს, რომელიც საქართველოს მთავრობას დამატებით მედიამომსახურებას გაუწევს. 
  • “რეგისტრანტმა დახმარება უნდა გაუწიოს საქართველოს მთავრობას, რათა ფედერალურ მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აშშ-ის ბიზნეს წრეებსა და სამიზნე აუდიტორიაში გაიზარდოს ცნობადობა იმ ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საქართველო საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს. ამასთანავე, პროექტის მიზანია, აშშ-მა კიდევ უფრო მჭიდრო გახადოს მის მოკავშირესთან - საქართველოსთან ურთიერთობები. რეგისტრანტმა აშშ-ის ბიზნესს წრეებში უნდა მოახდინოს საქართველოს ადვოკატირება, რათა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები დაახლოვდეს. რეგისტრანტმა აღნიშნული კამპანია შეხვედრების ორგანიზებით, ბეჭდური, ციფრული და სატელევიზიო ტიპის მაკრეტინგული ღონისძიებებით უნდა ჩაატაროს,”- წერია Hill+Knowlton Strategies-სთან დადებულ ხელშეკრულებაში. 


ამავე ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორი იყო კომპანია JPW Communications-იც.

საქართველოს მთავრობას აშშ-ში კიდევ ერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ვირჯინიაში დაფუძნებული ლობისტური და საკონსულტაციო კომპანია StrateVarious LLC 2019 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე $180,000-ად ვალდებულია, რომ შეისწავლოს აშშ-ში არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით:

“სტრატეგიული ნარატივის შემუშავება - StrateVarious მიზანმიმართულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში, შეიმუშავებს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ ნარატივს, რომელიც საქართველოს “ამბავს” მაქსიმალურად ეფექტურად წარმოაჩენს. StrateVarious იმუშავებს თემებზე, რომლებიც ყველაზე საინტერესოა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. შეისწავლის როგორ მოხდეს აღნიშნული თემების ეფექტურად ფორმულირება და სხვადასხვა აუდიტორიისთვის (მაგალითად, პოლიტიკური ელიტები, კონგრესი, მედია, ანალიტიკური ცენტრები, ბიზნეს ასოციაციები, უხოეთის მთავრობები) მიწოდება და შექმნა,"- წერია ხელშეკრულებაში.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელშეკრულებას კომპანია Orion Strategies LLC-თან, მისი მთლიანი ღირებულება $250,000 დოლარს შეადგენს.

“რეგისტრანტი იმუშავებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რათა აშშ-ის კონგრესისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, ასევე გააცნონ თუ რისი გაკეთება შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ღია და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის,”- ნათქვამია კონტრაქტში.

კონტრაქტი ერთწლიანია და ის 2020 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები