მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მანდატი სჭირდება ბიძინა ივანიშვილის "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის?

ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნება" 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გეგმავს. მეტიც, საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს: "ჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს, თუმცა ჩვენ გვჭირდება არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება".

ამომრჩევლის 60%-იან ნდობას ელიან პრემიერი, დედაქალაქის მერი და სხვა ლიდერებიც. მმართველი პარტია, რომელიც ძალაუფლების გახანგრძლივებას წელს მეოთხე ვადით შეეცდება, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს იყო.

რას ნიშნავს საკონსტიტუციო უმრავლესობა?

150-დეპუტატიან საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ მანდატების მინიმუმ 3/4-ს, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. რიგით კანონპროექტის ან დადგენილების მიღებას მხოლოდ 50-ხმიანი უმრავლესობა, ხოლო ორგანული კანონის შეცვლას მინიმუმ 76 ხმა სჭირდება, ანუ უბრალო უმრავლესობა.

ახლა, "ქართული ოცნების" მათემატიკით თავად მინიმუმ 113 მანდატს მიიღებენ, მთელი ოპოზიცია კი, მაქსიმუმ 37 მანდატს.

113 მანდატით პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება შეუძლია, ამისათვის საჭიროა, რომ ინიციატივას კენჭი ორ სხვადასხვა სესიაზე ეყაროს და პარალელურად გაიმართოს საერთო-სახალხო განხილვები.

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო - სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.

კონსტიტუციის 68- ე მუხლით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებას არ დაეთანხმება და მას ვეტო დაადებს, ამ ბარიერის დაძლევისთვის პარლამენტს სიითი შემადგენლობის ისევ ¾-ის ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

რამდენჯერ ჰქონდა "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა?

"ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს ჰქონდა.

იქამდე, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ 2012 წელს არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება შეიცვალა 54%-ით მოიგო.კოალიციამ მოახერხა 44 პროპორციული მანდატის მოპოვება და 41 მაჟორიტარული ოლქის მოგება და პარლამენტში 85 მანდატით იყო წარმოდგენილი.

2016 წელს არჩეულ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 116-წევრიანი უმრავლესობა ჰქონდა. 4-წლიანი ვადის ბოლოსთვის უმრავლესობის წევრთა რიცხვი 92-ს შეადგენდა. მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა 30-მდე დეპუტატმა სხვადასხვა მიზეზით დატოვა. მიზეზებს შორის იყო, ის, რომ "ოცნებამ" არ შეასრულა დაპირება, რომელიც მოსახლეობასთან და პარტნიორებთან დადო და 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციულად არ ჩაატარა. (აჯანყებული მაჟორიტარების გამო).

სწორედ ამ ვადის დროს მიიღო მოქმედმა მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია.

მაშინ, დავით უსუფაშვილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ამბობდა - "საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა რთულია, რადგან ამ დროს ადამიანებს უვითარდებათ განცდა, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან, რომ ყველაფრის კეთება მარტივია და უშვებენ შეცდომებს".

აბსოლუტური უმრავლესობით გამოწვეულ შეცდომებზე არაფერს ამბობენ მოქმედ გუნდში.

კახა კალაძე: "რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა".

ირაკლი კობახიძე: "ჩვენი სურვილია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა - ბოლო კვლევების მიხედვით 60%-თან ახლოს არის ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს".

ბოლო 2020 წლის არჩევნებში, "ქართული ოცნება" ტრადიციულად პროგნოზირებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას. საქართველოს X მოწვევის პარლამენტში "ოცნებამ" მხოლოდ 90 მანდატი მოიპოვა.

არჩევნები 2024

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ფეხს ახლა იკიდებს. თუმცა არაოფიციალურად დიდი ხანია დაწყებულია და მმართველი პარტია, რომელსაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ლგმტქ+თემის მიმართ დისკრიმინაციული საკონსტიტუციო ცვლილებები დაანონსებული აქვს რეგიონებში განხილვებსაც მართავს.

ამომრჩეველი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს, რომელ პარტიას რამდენი მანდატი ექნება პარლამენტში და რამდენად წარმატებულია საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები