2018 წლის 9 თვეში მიწის გაყიდვიდან ბიუჯეტში შემოსულობის სახით 6 მლნ 607 ათას 200 ლარი შევიდა.
ამის შესახებ ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული
შემოსულობების მოცულობამ 81 მლნ 864 ათას 900 ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის (39 მლნ ლარი) 209.9%-ია.
მათ შორის: შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან (71 მლნ 282 ათას 500 ლარი) შეადგინა 9 თვის საპროგნოზო მოცულობის (35 მლნ 500 ათასი ლარი) 200.8%, ხოლო არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა კი - 10 მლნ 572 ათას 300 ლარი, რაც ცხრა თვის გეგმის (3 მლნ 500 ათასი ლარი) 302.1%-ია.
კერძოდ, მთავრობას 9 თვეში მიწის გაყიდვიდან ბიუჯეტში 2 მლნ ლარის მობილიზება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ფაქტიურად გაყიდა 6 მლნ 607 ათას 200 ლარის მიწა ანუ საპროგნოზო მოცულობის 330.4%;
ამასთან, რადიოსიხშირული სპექტრით ლიცენზიის სარგებლობით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 3 მლნ 965 ათას 100 ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (1 მლნ 500 ათასი ლარი) 264.3%-ია.