მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “აჭარაბეთს"?

633542cec2431
BM.GE
29.09.22 00:05
6669
“აჭარაბეთი” საქართველოს აზარტული თამაშების სექტორის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის მეშვეობით ოპერირებს.

საქართველოში “აჭარაბეთის” ოპერატორ კომპანიას შპს “ავიატორი” ეწოდება, რომელმაც reportral.ge-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიში უკვე წარუდგინა.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა ₾381 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით ₾113 მილიონით მეტია. კომპანიის შემოსავალი წარმოადგენს მიღებულ ფსონებსა და მოგების სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობას, შესაბამისად უშუალოდ მოთამაშეების მიერ აჭარაბეთის სისტემაში შეტანილი თანხები გაცილებით უფრო დიდი იყო, ხოლო 381 მილიონი მიღებულ თანხებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობაა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება ₾85 მილიონი იყო, 2021-ში ის ₾147 მილიონამდე გაიზარდა.

კონკრეტული წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

• შემოსავალი ონლაინ კაზინოდან - 309 მილიონი ლარი;
• შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 32.5 მილიონი ლარი;
• შემოსავალი peer to peer თამაშებიდან - 24.3 მილიონი ლარი;
• სხვა შემოსავალი - 13.6 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “აჭარაბეთმა”, ანუ “ავიატორმა” 2021 წელს ₾43 მილიონის ხელფასები გასცა, ხოლო მარკეტინგზე ₾34 მილიონი დახარჯა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “აჭარაბეთმა” თამაშების პროვაიდერ კომპანიებს 60 მილიონამდე გადაუხადა, კლიენტთა გადახდების დამუშავების საფასური 47 მილიონი ლარი იყო, ხოლო ტოტალიზატორების ფსონების გადასახადი 26 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, უშუალოდ თამაშების მიწოდების ხარჯმა კომპანიისთვის 137.6 მილიონი ლარი შეადგინა.

2019 წელს “აჭარაბეთის” 51%-იანი წილი Adjarabet კომპანიის დამფუძნებელმა თემურ უგულავამ ირლანდიურ კომპანია Flutter Entertainment-ის 115.4 მილიონ ევროდ მიჰყიდა, გარიგება კომპანიაში დარჩენილი მინორიტარული წილის გამოსყიდვასაც ითვალისწინებდა. ამჟამად კომპანიის 100%-იანი წილი სწორედ Flutter-ის საკუთრებაშია. 

“აჭარაბეთი” საქართველოს გარდა სომხეთის ბაზარზეც ოპერირებს, კონსოლიდირებული სახით, ორივე ქვეყნიდან მიღებული შემოსავალი წარმოდგენილია კომპანია “ატლას ჰოლდინგის” ფინანსურ ანგარიშში.

• შემოსავალი საქართველოს ბაზრიდან - 381 მილიონი ლარი;
• შემოსავალი სომხეთის ბაზრიდან - 258 მილიონი ლარი.
• ჯამური შემოსავალი - 639 მილიონი ლარი.

მთლიანობაში ჯგუფის წმინდა მოგებამ 2021 წელს 158.8 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები