მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “ჭიათურმანგანუმს”?

639c63ca1e342
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.22 00:05
1840
ფეროშენადნობები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რიგებშია. 2022 წლის 10 თვეში ქვეყანამ $447 მილიონი დოლარის საქონელი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 18.5%-ით მეტია.

საქართველოში ფეროშენადნობებს რამდენიმე მსხვილი კომპანია აწარმოებს, მათ შორის პირველ ადგილზეა “ჯორჯიან მანგანეზი”, ხოლო “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” მეორე პოზიციას იკავებს.

“ჭიათურმანგანუმ ჯორჯიამ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 189 მილიონი ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგება - 74 მილიონი ლარი. ეს წინა წელთან შედარებით შემოსავლების 200%-იან მატებას წარმოადგენს.

შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” 2008 წელს დაფუძნდა, კომპანიის მესაკუთრეა სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული Greenfield Financial Corp-ი, რომლის 100%-იან წილს ბიზნესმენი შმაგი ქემერტელიძე ფლობს. ბიზნესმენი შმაგი ქემერტელიძე ასევე ჩართულია ყაზახეთში ფეროშენადნობების უმსხვილესი ქარხნის მშენებლობის პროექტში, საუბარია კომპანია Qaz Carbon-ის პროექტზე, რომელმაც წლიურად 180,000 ტონა ფეროშენადნობები უნდა გამოუშვას. 

კომპანია რამდენიმე ძირითად პროდუქტს აწარმოებს, ესენია ფეროსილიკომანგანუმი; ფერომანგანუმი და ფეროსილიციუმი. 2021 წელს კომპანიის წარმოებამ 31,134 ტონას მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი იყო.

მმართველობითი ანგარიშის თანახმად, კომპანიის ჯამური სიმძლავრე წლიურად 46,200 ტონას შეადგენს. 2021 წელს კომპანიის წარმოებული ერთი ტონა საქონელი 4,575 ლარად იყიდებოდა.

“2008 წლის აგვისტოში ჯგუფმა ააშენა პირველი ქარხანა - ნახშირღელეს ფეროშენადნობთა ქარხანა. მოგვიანებით, ჯგუფმა დაამატა ღუმელები და მიაღწია წლიურ საწარმოო სიმძლავრეს 35,000-39,000 ტონას. 2015 წლის ჯგუფმა შეიძინა ფეროშენადნობთა ქარხანა ორხევში, 7,200 ტონა მაქსიმალური საწარმოო სიმძლავრით.

მანგანუმის ფეროშენადნობების უმეტესი ნაწილი ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირში, აშშ-ში, თურქეთსა და დსთ-ში გადის.

სამომავლო განვითარების მიზნით, 2022 წელს კომპანია გეგმავს ფეროშენადნობების წარმოების სიმძლავრეების გაზრდას ორი ახალი ღუმელის დამატებით. აღნიშნული პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, წარმოების მოცულობა გაიზრდება 1200 ტონით თვეში. წარმოების სიმძლავრეების გაზრდის პარალელურად 2022 წელს კომპანია ასევე გეგმავს ახალი ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას და არსებული ელექტროქსვესადგურის რეაბილიტაციას,” - ნათქვამია კომპანიის წლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ჯგუფი 517 ადამიანს ასაქმებს.

კომპანიის აქტივები 105.6 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები