მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს McDonald’s-ს საქართველოს?

მაკდონალდსი McDonald’s

"McDonald’s საქართველომ" 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კომპანიის მიერ გასულ წელს მიღებულ შემოსავლებს და განხორციელებულ პროექტებს ასახავს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს “მაკდონალდსმა” შემოსავალი 46%-ით, 201 მილიონ ლარამდე გაზარდა. კომპანიამ შემოსავალთან ერთად საკუთარი მოგების მაჩვენებელიც გააუმჯობესა და შარშან 48 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

საქართველოში “მაკდონალდსის” რესტორნების ფრენჩაიზის მფლობელია კომპანია “თ და კ რესტორნები“, რომელიც 1997 წლის 16 დეკემბერს დაარსდა. 2022 წლის მდგომარეობით, კომპანია საქართველოში ფლობს 27 რესტორანსა და ერთ ლოგისტიკურ ცენტრს. ჯგუფი მთლიანობაში 1400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

“მაკდონალდს საქართველო" აღნიშნავს, რომ გასულ წელს 9,860,595 მომხმარებელს მოემსახურნენ. ამასთან, მათი შემოსავლების ზრდაში მიტანის სერვისი განსაკუთრებულ როლს თამაშობს.

2020 წლიდან ლოგისტიკური ცენტრის ადმინისტრირება ხდება საერთაშორისო კომპანია ჰავი ლოჯისტიკის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს რესტორნებისათვის საჭირო მარაგის შესყიდვას, დასაწყობებასა და დისტრიბუციას თითოეულ ლოკაციაზე. 

გეოპოლიტიკური და პოსტ-პანდემიური კრიზისის გავლენა კომპანიის თვითღირებულებაზე დიდი გავლენის მატარებელი ფაქტორებია. მიწოდების ჯაჭვში შექმნილი სტრუქტურული ცვლილებებისა და გლობალური კრიზისით გამოწვეული ინფლაციური მოვლენების სინერგიული ეფექტი იმპორტ დამოკიდებული კომპანიისთვის თვითღირებულების ზრდის გარდაუალ წინაპირობებს ქმნის, იმ ფონზე როცა მაკდონალდს საქართველოს პროდუქციის 80% იმპორტს წარმოადგენს. 

კომპანიის განვითარების გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც გულისხმობს, როგორც სერვისის მხრივ ინოვაციების დანერგვას, ასევე შიდა კონტროლის მექანიზმებისა და დაგეგმარების პროცესის ავტომატიზაციას,” - ნათქვამია “მაკდონალდსის” ანგარიშში.

ფინანსურ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია კომპანიის ხარჯების შესახებაც. გასულ წელს კომპანიამ 80 მილიონი ლარი საკვები პროდუქტების მასალებზე დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასები 27 მილიონი ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯები 31 მილიონი ლარი, როიალტის ღირებულება 14.5 მილიონი ლარი, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი კი 9.1 მილიონი ლარი იყო.

“არსებულ რესტორნებში ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, რაც მომხმარებლის სტუმრობას უფრო 11 კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია რობოტი „ქეთო“, რომელიც თანამშრომლებთან ერთად ემსახურება ჩვენს მომხმარებლებს და აუმჯობესებს მომსახურობის ხარისხს. სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომპანიაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა და კვლავ იგეგმება მომავალშიც, კერძოდ, დაინერგა და ინერგება: თვითმომსახურების კიოსკები, მაგიდასთან მომსახურების სერვისი, მობილური აპლიკაცია და ადგილზე მიტანის სერვისი. ” - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივების 90%-ს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, 10%-ს კი “მაკდონალდს საქართველოს” გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე ფლობენ.

კომპანიის აქტივების საერთო მოცულობა 186 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები