მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს McDonald’s საქართველოს?

მაკდონალდსი McDonald’s

"McDonald’s საქართველომ" 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კომპანიის მიერ გასულ წელს მიღებულ შემოსავლებს და განხორციელებულ პროექტებს ასახავს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს “მაკდონალდსმა” შემოსავალი 21%-ით, 243 მილიონ ლარამდე გაზარდა. კომპანიამ გასული წელი 30.1 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

საქართველოში “მაკდონალდსის” რესტორნების ფრენჩაიზის მფლობელია კომპანია “თ და კ რესტორნები“, რომელიც 1997 წლის 16 დეკემბერს დაარსდა. 2023 წლის მდგომარეობით, კომპანია საქართველოში ფლობს 27 რესტორანსა და ერთ ლოგისტიკურ ცენტრს. ჯგუფი მთლიანობაში 1400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

“მაკდონალდს საქართველო" აღნიშნავს, რომ გასულ წელს 11,974,000 მომხმარებელს მოემსახურნენ, შესაბამისად, ერთი შეკვეთის საშუალო ღირებულება 20.24 ლარი იყო.

"მაკდონალდს საქართველოს პროდუქციის ნაწილის მომარაგება რუსეთიდან და უკრაინიდან ხორციელდებოდა. 2022 წლიდან ომის დაწყებისა და მაკდონალდსის რუსეთის ბაზრის დატოვების შედეგად კომპანია სრულად გადაერთო ევროპულ მომწოდებლებზე. მომწოდებლების ცვლილებამ გამოიწვია პროდუქციის ფასების ზრდა, კონკრეტულად გაიზარდა მომწოდებლების საინვოისო ფასები და ფაქტიურად გასამმაგდა ტრანსპორტირების ღირებულება. ამავდროულად გეოპოლიტიკურმა გარემოებებმა, მათ შორის კოვიდ პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა, გამოიწვია უკვე არსებული ევროპელი მომწოდებლების საინვოისო ფასების ზრდა, ევროპაში არსებული ინფლაციის გამო, რაც ასევე დამატებით წნეხად დააწვა კომპანიის თვითღირებულებას, თუმცა 2023 წელს მსგავსი რყევები არ აღინიშნებოდა და თვითღირებულების ნაწილში სტაბილური მაჩვენებლები შეინარჩუნა

კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა, ორიენტირებულია მაქსიმალურად მოხდეს თბილისისა და საქართველოს საბაზრო არეალის დაფარვა, რათა მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს კომპანიის მომსახურების მიღება. პარალელურად მიმდინარეობს არსებული რესტორნების ტექნოლოგიური განვითარება და განახლება, მაკდონალდსის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, არსებული რესტორნებში ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, რაც მომხმარებლის სტუმრობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია რობოტი „ქეთო“, რომელიც თანამშრომლებთან ერთად ემსახურება ჩვენს მომხმარებლებს და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომპანიაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა და კვლავ იგეგმება მომავალშიც, კერძოდ, დაინერგა და ინერგება: თვითმომსახურების კიოსკები, მაგიდასთან მომსახურების სერვისი, მობილური აპლიკაცია და ადგილზე მიტანის სერვისი,” - ნათქვამია “მაკდონალდსის” ანგარიშში.

ფინანსურ ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია კომპანიის ხარჯების შესახებაც. გასულ წელს კომპანიამ 94 მილიონი ლარი საკვები პროდუქტების მასალებზე დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასები 35.5 მილიონი ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯები 41.7 მილიონი ლარი, როიალტის ღირებულება 20.2 მილიონი ლარი, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი კი 10.8 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივების 90%-ს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, 10%-ს კი “მაკდონალდს საქართველოს” გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე ფლობენ.

კომპანიის აქტივების საერთო მოცულობა 199 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები