მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Teleperformance-ის შვილობილ Majorel-ს საქართველოში?

Majorel

Majorel საქართველო ქვეყანაში ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. კომპანია საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს და ის უმსხვილესი კომპანიებისთვის აუთსორს სერვისების მიმწოდებელია. კომპანია ამჟამად საქართველოში ოთხი ოფისით არის წარმოდგენილი, რომელთაგან ორი თბილისში, ერთი კი ქუთაისსა და ბათუმში არის განთავსებული.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს კომპანია ზრდის მაღალ პარამეტრებს აჩვენებდა და მასში დასაქმებულთა რიცხვმა 2,734-ს მიაღწია, ხოლო 2023 წელს კი 2,578 დასაქმებულამდე შემცირდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს 12.2 მილიონი ლარით შემცირდა კომპანიის მთლიანი შემოსავალიც და მან 165.7 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს კომპანიის მთლიანმა სახელფასო ხარჯმა 111.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თანამშრომელთა მთლიანი რაოდენობის კლების მიუხედავად წლიურად ₾2-მილიონიან მატებას წარმოადგენდა. მთლიანობაში Majorel-ს გასულ წელს საქართველოში 10.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

“მეიჯერელი გლობალურად შეიქმნა 2019 წლის იანვარში, ბერტელსმანის და საჰამის შერწყმის შედეგად, რაც მიზნად ისახავდა მომხმარებელთა მომსახურების წამყვანი ორგანიზაციის შექმნას. მეიჯერელი აერთიანებს Arvato CRM Solutions, Phone Group, ECCO Outsourcing და Pioneers Outsourcing. ყველა აღნიშნული კომპანია ერთიანი ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან. მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი,"- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

2023 წელს კი კომპანიის მფლობელი გახდა ფრანგული გიგანტი Teleperformance-ი, რომელიც მსოფლიოში ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით 410,000 ადამიანს ასაქმებს. მან Majorel-ი გასულ წელს 2.95 მილიარდ ევროდ შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები