VELI.store ქართული ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ყველაფრის ერთ სივრცეში შეძენის საშუალებას აძლევს, როგორც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, ისე ექსკლუზიური ბრენდები და ამ არჩევანის შეთავაზებით, მომხმარებელს დრო დაუზოგოს.
VELI.store ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიამ 2022 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში VELI.store-იმ 3.57 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა ეს შემოსავალი ხარჯების დასაფარად არასაკმარისი იყო და კომპანიამ 5.68 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.
იურიდიულად VELI.store-ის მფლობელია შპს სატურნი, რომლის 100%-იანი წილიც ეკუთვნის შპს “მერკურს”.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ყველაზე დიდ ხარჯს შრომის ანაზღაურება წარმოადგენდა, რაც 2.87 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც დირექტორებისა და უმაღლესი რანგის ხელმძღვანელების ანაზღაურება 1.33 მილიონი ლარი იყო. ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მთლიანი ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები კი 3.94 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 602 ათასი ლარის რეკლამის ხარჯი და 1.67 მილიონი ლარის მარკეტინგის ხარჯი. გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება კი 2.81 მილიონი ლარი იყო.
VELI.store-ის მთლიანი აქტივები 6.18 მილიონი ლარია. ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან თემურ უგულავა (35%), ნინი ნებიერიძე (30%), არჩილ კახიძე (30%) და ვალერი ჩეხერია (5%).

























