2025 წლის 7 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 521 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მობილური ოპერატორების შემოსავლები 31 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით არის გაზრდილი.
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების რაოდენობა 5,868,043-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 191,000 აბონენტის მატებას ნიშნავს.
2025 წლის იანვარ-ივლისში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- მაგთი - 245,350,032 ლარი, 2,388,314 აბონენტი, ბაზრის 40.7%, შემოსავლის ზრდა იანვარ-ივლისში 5.7%;
- სილქნეტი - 183,523,472 ლარი, 2,098,861 აბონენტი, ბაზრის 35.8%, შემოსავლების ზრდა იანვარ-ივლისში 6%;
- სელფი მობაილი - 91,349,386 ლარი, 1,362,082 აბონენტი, ბაზრის 23.2%, შემოსავლების ზრდა იანვარ-ივლისში 8.7%.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2025 წლის ივლისში "მაგთის" ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 16.25 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 86 თეთრით არის მომატებული, "სილქნეტის" ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.97 ლარია, რაც 17 თეთრით არის შემცირებული ერთი წლის ჭრილში, ხოლო "სელფი მობაილის" ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 10.58 ლარია, რაც წლიურად 56 თეთრით არის მომატებული.
მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,337,190 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 73.9%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 70.5% იყო.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 17.2 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 2.3 გიგაბაიტით არის გაზრდილი.




























