მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ივანიშვილის სასტუმრო "Paragraph"-ს?

5de61fd5bb07b
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.19 12:50
17383
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ტურიზმის განვითარების ფონდის” მიერ შეკვეთილში, შავი ზღვის სანაპიროზე აშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Paragraph-ი, ოფიციალურად 2018 წლის აპრილში გაიხსნა.

220-ნომრიანი სასტუმრო Marriott-ის ფრენჩაიზის მაღალი საფასო კატეგორიის ბრენდს - Autograph Collection-ს მიეკუთვნება.

იურიდიულად, სასტუმროს მმართველ კომპანიას “ბლექ სი რიზორთსი ჯგუფი” ქვია. კომპანიამ მისი აქტივების განსაკუთრებულად დიდი ღირებულების გამო, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში სასტუმროს მთლიანი შემოსავალი 21,209,000 ლარს შეადგენდა.

ცალკეული კატეგორიების მიხედვით, სასტუმროს შემოსავლები ასე ნაწილდება:

  • ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან - 13,504,000 ლარი; 
  • ამონაგები საკვებისა და სასმელების გაყიდვიდან - 6,720,000 ლარი; 
  • ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან - 839,000 ლარი; 
  • ამონაგები საოპერაციო იჯარიდან - 91,000 ლარი; 
  • ამონაგები სასტუმროს სხვა დეპარტამენტებიდან და სხვა შემოსავლები 55,000 ლარი. 

აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, გაწეული მომსახურების თვითღირებულება შემოსავალზე მეტი იყო და 31,583,000 ლარს შეადგენდა. ჯამურად, კომპანიის საოპერაციო ზარალმა 21,506,000 ლარი, ხოლო წლის სრულმა ზარალმა კი - 21,392,000 ლარი შეადგინა.

ანგარიშგების მიხედვით, ჯგუფი ყოველწლიურად უხდის ფრანჩიზის მოსაკრებელს Marriott International-ს. საზღაური არის ცვლადი და დამოკიდებულია ოთახების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებზე. “2018 წლის განმავლობაში, ხარჯის სახით აღიარებული იყო 1,026,000 ლარი,” - ნათქვამია ანგარიშგებაში.

სასტუმროს აქტივების ჯამური ღირებულება 215,046,000 ლარს შეადგენს.

იურიდიულად, "ბლექ სი რიზორთსის" მფლობელია პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Frankston International S.A. ჯგუფის ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილია.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს ორი აკვარიუმი, რომლებშიც ოკეანის ეგზოტიკური მტაცებლები ბინადრობენ, ასევე ზღვაში შეჭრილი 115-მეტრიანი აუზი და ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებით, კაფეები, ბარები და 7 თემატური რესტორანი.

"სასტუმროს აქვს საბავშვო კლუბი, გიგანტური ტოპოგანი, ჩოგბურთის მოედანი, სპორტული მოედნები და კინო თეატრი. სასტუმრო აერთიანებს საინტერესო თანამედროვე დიზაინს, უნიკალურ და ექსტავაგანტულ თვისებებს და უმაღლესი სტანდარდების შესაბამის მომსახურებას", - ნათქვამია ჯგუფის მმართველობით ანგარიშგებაში.

სასტუმრო იყიდება:

2019 წლის 4 ნოემბერს ჟურნალმა “entrepreneur-”მა ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ექს-პრემიერი ამბობს, რომ ის მზადაა, ტურიზმის მიმართულებით მის მიერ შექმნილი ობიექტები სოლიდური ფასდაკლებით გაყიდოს.

ივანიშვილის თქმით, სასტუმრო “პარაგრაფი” აპრიორი წამგებიანი პროექტია, რადგანაც მისი შექმნის დროს, ივანიშვილმა განახორციელა იმ მასშტაბის ინვესტიცია, რომელსაც საპროგნოზო დატვირთვის პირობებში სასტუმრო ვერ ამოიღებს.

"ავიღოთ, თუნდაც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი, ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გასცდა.  შესაბამისად, „პარაგრაფის“ საბაზრო ფასი, მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს", - ამბობს ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები