მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს "სანტეს"?

6345621db1bd2
BM.GE
11.10.22 17:05
1039
საქართველოში რძის პროდუქტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა “სანტემ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები 13.4 მილიონი ლარით, 109.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 2021 წელს 3.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოუმუშავა, რაც 2020-ში 5.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

“სანტეს” მესაკუთრეს რძისა და რძის პროდუქტების გლობალური ბრენდი “ლაქტალისი” წარმოადგენს. ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარები ბენსიერების ოჯახია, რომელთა აქტივებიც 25 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

კომპანიისთვის მთავარი ხარჯი რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაა, რამაც გასულ წელს 69 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, საქონლის მიწოდების ხარჯები რაც ხელფასებს, მარკეტინგს და სხვა ხარჯებს მოიცავს 30 მილიონ ლარს შეადგენდა.

“2021 წელს კომპანიამ განახორციელა მსხვილი ინვესტიცია რძის შესაფუთის განახლებაში, და ბაზარს შესთავაზა "სანტეს" რძე უფრო მოსახერხებელ შეფუთვაში, თავსახურით. აღნიშნული ინვესტიციის საფუძველზე კომპანიას მიეცა საშუალება გაეზარდა საწარმოო სიმძლავრეები და გაეფართოებინა ასორტიმენტი, შედეგად 2021 წლის ბოლოს 2022 წლის დასაწყისში "სანტემ" მომხმარებელს 4 ინოვაცია შესთავაზა რძის ხაზში: ულაქტოზო რძე რომელიც ბაზარზე პირველი ადგილობრივი წარმოების ულაქტოზო პროდუქტია, საბავშვო რძე "ლოკო მოკო" და ორი გემოებიანი ასორტიმენტი "სანტისიმოს" ხაზში.

2016 წლიდან კომპანია "სანტე" მსოფლიოს რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის, Lactalis ჯგუფის წევრი გახდა, რომელიც ცნობილია ისეთი ბრენდებით როგორიცაა President, Galbani, Parmalat, და რომელიც 200-ზე მეტ საწარმოს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. ეს მოცემულობა კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის და რძის პროდუქტების დარგში დანერგილი უმაღლეს ხარისხის სტანდარტებთან მიახლოებისათვის.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უახლოეს მომავალში არის განავითაროს ყველის ბაზარი საქართველოში და ამას გარდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანოს ქართული სახელი და ტრადიციები ისეთი პროდუქტების სახით მაგალითად როგორიცაა - ქართული ყველი ან თუნდაც ენდემური მაწონი,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის აქტივები 118 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის ვალდებულებები 24 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები