მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ ლარი დაუჯდება ბიუჯეტს ოჯახებისთვის იპოთეკების სუბსიდირება წელს?

60e59cbca2940
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.21 16:33
1217
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ოჯახებს, რომელთაც ახალშობილები ეყოლებათ ბინის შესაძენად აღებულ იპოთეკურ სესხზე, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდია მიეცემათ. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პირველ და მეორე ბავშზე ეს სუბსიდია საპროცენტო განაკვეთის 6%-ის დაფარვაა, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი ეს მაჩვენებელი 8% იქნება.

“ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ პროგრამის ადმინისტრატორი ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” იქნება.

BMG-ის კითხვაზე თუ რა მოცულობის სესხებზე განხილება სუბსიდირება სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ სუბსიდია გაიცემა 60,000-ლარიდან 300,000 ლარამდე მოცულობის სესხებზე. ამასთან პროექტის წლიური ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით განისაზღვრება. ამასთანავე, მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ რეალურად ბიუჯეტის ათვისება პოტენციური ბენეფიციარების მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

პროექტის შესახებ გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, სუბსიდირების პროგრამა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

“ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლებათ ახალშობილი და მოინდომებენ თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საკმაოდ სოლიდური დოზით, იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას გასწევს. აქ ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას დღევანდელი მოცემულობით ბინისთვის აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე 8%-იან დაფინანსებაზე საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა და როგორც კი ეს პროგრამა დამტკიცდება და ამოქმედდება, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ამ პროგრამით ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი ისარგებლებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი პირობები და პროცედურები, რომლითაც მთავრობა შესაბამისი სუბსიდიების გაცემას გეგმავს. ასევე უცნობია ითვალისწინებს თუ არა პროექტი სესხის პროცენტის თანადაფინანსების ელემენტის გარდა სხვა კომპონენტებსაც.

იპოთეკური სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თავად კომერციული ბანკები იღებენ. ფაქტი, რომ კონკრეტულ ოჯახს ჰყავს ახალშობილი თავისთავად ვერ და არ იქნება გარანტი, რომ ამ ოჯახს იპოთეკური სესხი მართლაც დაუმტკიცდება - რადგანაც სესხის მისაღებად მთავარი მსესხებელთა შემოსავლებია. თუკი ოჯახს აქვს არასაკმარისი შემოსავლები, იპოთეკური სესხის დასაფინანსებლად (ბავშვით თუ უბავშვოდ), ის ამ სესხს, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. თავისთავად, ეს გარემოება მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ სუბსიდირების ამ მექანიზმის ბენეფიციარები ძირითადად საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის პირები იქნებიან.

ეს “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების უკვე მეორე პროგრამა იქნება. წინა პროგრამა 2020 წლის განმავლობაში მოქმედებდა და მის ფარგლებში 200,000 ლარამდე მოცულობის, ახალაშენებული ბინის შესაძენად დამტკიცებული ყველა იპოთეკური სესხის სუბსიდირება მოხდა. პროექტის ფარგლებში მთავრობა საპროცენტო განაკვეთიდან 4%-ს ასუბსიდირებდა. პროექტის ფარგლებში სულ 8,443 სესხის სუბსიდირება დამტკიცდა, ამ სესხების ჯამური მოცულობა კი 828 მილიონი ლარი იყო.

მსესხებლები სუბსიდიას 5 წლის განმავლობაში მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები