მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მლნ ლარის სახელმწიფო ქონების გაყიდვა შეძლო "ოცნების" მთავრობამ 6 თვეში

5d1de82002f17
თელარა გელანტია
04.07.19 18:00
1523
2019 წლის 6 თვეში მთავრობამ 39,3 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

როგორც ირკვევა, წელს პირველ ორ კვარტალში გაყიდული ქონებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით, 27 მლნ-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში პრივატიზაციიდან მიღებულ თანხაზე (2018, 6 თვე - 67,515,406 ლარი).

ამასთან, წლის პირველ ნახევარში ძირითადად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მასზე დამაგრებული შენობა–ნაგებობების პრივატიზაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიში პერიოდში ქონების ეროვნულ სააგენტოს არცერთი სახელმწიფო საწარმო არ გაუყიდია.

შეგახსენებთ: 2019 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მთავრობა მასშტაბურ - 170 მლნ ლარის პრივატიზების ტალღას გეგმავდა. ამ განცხადების მიუხედავად, 2019 წლის ბიუჯეტით, წელს სახელმწიფო ორჯერ ნაკლები - 70 მლნ ლარის ქონების პრივატიზებას გეგმავს.
ცნობისთვის: მიმდნარე წლის მაისში "Forbes კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკის მოქმედმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ხელი უნდა შეუწყოს სწრაფ ზრდაზე მორგებულმა საინვესტიციო პოლიტიკამ.

"აქ თავის როლს და ადგილს ჰპოვებს მათ შორის დაჩქარებული პრივატიზაცია და განახლებული ქონების მართვის სააგენტო", - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 70 მლნ ლარის ქონების პრივატიზაციის გაზრდა შესაძლებელია.

"პრივატიზაციის ტემპი ცალსახად გაიზრდება. ძალიან დაბალი გეგმები გვაქვს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ქონების მართვის სააგენტოსთან და ამ გეგმებს ვზრდით. ვფიქრობთ, რომ თავისუფლად შეგვიძლია 100 მლნ ლარამდე შევასრულოთ პრივატიზაციის გეგმა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები