მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მოტოციკლი, კვადროციკლი და ტრიციკლია ქვეყანაში, რომელთა ტექინსპექტირების შემოღება იგეგმება

მოტო

საქართველოში 38 429 მოტოციკლია რეგისტრირებული. შსს-ის მონაცემებით, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში „აქტიური“ სტატუსი სწორედ ამდენ მოტოციკლს აქვს.

გარდა ამისა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 3 838 კვადროციკლი, 1118 მოპედი, 517 ტრიციკლი, 435 - მოტოროლერი და 161 სკუტერია რეგისტრირებული და აქვს აქტიური სტატუსი.

ცნობისთვის, მთავრობა ტექინსპექტირების რეფორმის გაფართოებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას L კატეგორიის ტრანსპორტიც დაექვემდებარება. საუბარია ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელსაც მოპედები, მოტოციკლები, ტრიციკლები და კვადროციკლები მიეკუთვნებიან.

როგორც bm.ge-ის ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი შიოლაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განუცხადა, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებასთან და ინსპექტირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში უკვე შედგა შეხვედრა ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციებთან. ამჟამად კი, მისი თქმით, ამ მხრივ სიახლე არაა, თუმცა, მთავრობის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, გასული წლის აგვისტოდან უკვე მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტების მომზადებაზე, რათა მოპედები და მოტოციკლები სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარონ. ნორმატიული აქტების მომზადებისთვის სახელმწიფოს ვადა 2025 წლის ბოლომდე აქვს განსაზღვრული.

„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო აპირებს წლის ბოლოსთვის ამ საკითხის განხილვას, რადგან ევროდირექტივები ითვალისწინებს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც L კატეგორიის ტრანსპორტის (ორთვლიანები, მოტოციკლები, კვადროციკლები და ტრიციკლები) ექვემდებარება ტექინსპექტირებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს თუ იქნება აღნიშნული საკითხის განხილვა, მომავალი წლისთვის შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების მოლოდინი გვქონდეს.

ჩვენც ჩავერთვები ამ პროცესში, ტექნიკური მოთხოვნები იქნება დასადგენი, შესაბამისი დოკუმენტი იქნება გამოსაცემი, სადაც იქნება აღწერილი, თუ რა კატეგორიებით უნდა მოხდეს L კატეგორიის ტრანსპორტის ტექინსპექტირება“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

კითხვაზე - L კატეგორიის ტრანსპორტისთვის სავალდებულო ტექინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, საჭირო იქნება თუ არა ინსპექტორების გადამზადება, შიოლაშვილმა აღნიშნა:

„გარკვეულწილად ცოდნა იქნება გასაახლებელი და დამატებითი საკითხები ტრენინგების ფარგლებში განსახილველი, თუმცა პროცესი მსგავსია და ვფიქრობ, პრობლემას არ წარმოადგენს არსებული ინსპექტორებისთვის განახორციელონ L კატეგორიის ინსპექტირებაც“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები