მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სამართალდარღვევა გამოვლინდა წელს შავ ზღვაში? - დაკისრებული ჯარიმის ოდენობა ₾1 მლნ-ს აჭარბებს

11

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 226 გემი შეამოწმეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 113 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტმა შესაბამისი ინფორმაცია შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება.

უწყების თანახმად, სამართალდარღვევებიდან 79 თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტია, 19 - სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის შეუსრულებლობა, 15 კი - ზღვის დაბინძურება. სამართალდარღვევების შედეგად გარემოზე მიყენებულმა ზიანმა ჯამში 118 ათას ლარს გადააჭარბა, სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა კი ჯამში 1 015 000 ლარია.

"შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში სახელმწიფო კონტროლს დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს და საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა თუ ნავსადგომებში შემოსული გემების 24-საათიან მონიტორინგს ახდენს.

2024 წლის 1 ოქტომბრიდან ზღვის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდა. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრაზე (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 65 000-დან 100 000-მდე გაიზარდა.

სანქციების გაზრდის შემდეგ, 1 თვეში, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 1 ფაქტი გამოავლინეს - ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომლის კაპიტანი ხორვატიის მოქალაქეა, ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა, რის შედეგადაც გარემოს 6930 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა.

სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები