2025 წლის იანვარში საქართველოში 9 უქმე დღე იქნება. მაშინ, როცა ტრადიციულად უქმე დღეების რაოდენობა იანვარში 4 იყო.
- 1 და 2 იანვარი — ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
- 3, 6, 8, 9 და 10 - მთავრობის განკარგულებით 2025 წელს დადგენილი უქმე დღეები;
- 7 იანვარი — შობა;
- 19 იანვარი — ნათლისღება.
მთავრობამ გუშინ, 24 დეკემბერს უქმე დღეებად გამოაცხადა 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით.
ამ გადაწყვეტილებით, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებს [1, 2, 7 და 19 იანვარი] კიდევ ხუთი დღე დაემატა და საჯარო სამსახურები 1-დან 12 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.
იანვარში უქმე დღეების დამატების პრაქტიკა 2020 წლის ბოლოს, გახარიას პრემიერობის დროიდან იწყება. მაშინ, აღნიშნული კოვიდ პანდემიას უკავშირდებოდა.
2021 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოცხადდა. მაშინ, დასვენება ფაქტობრივად სავალდებულო გახდა ყველასთვის გარდა განსაკუთრებული კატეგორიის დასაქმებულებისა.




























