მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი უსახლკარო ოჯახის უზრუნველყოფა შეუძლია სახელმწიფოს

5c0509d0d2795
ანუკა ჯოხაძე
03.12.18 14:46
999
ქალაქ რუსთავს 2019 წლის დასაწყისისთვის 52 ოჯახზე გათვლილი საცხოვრისი ექნება, სადაც უსახლკარო ადამიანები ღამის გათევას შეძლებენ.

საცხოვრისის კეთილმოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

როგორც რუსთავის მერიაში bm.ge-ის განუცხადეს, დროებით საცხოვრისზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

დროებითი საცხოვრისის ბენეფიციარების შერჩევა კი, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება.

როგორც მერიაში ამბობენ, შესაბამისი კომისია შეარჩევს იმ 52 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელ ოთახს, თავისი სამზარეულოთი და სველი წერტილით, მიიღებენ.
კითხვაზე - რა კრიტერიუმით შეირჩევიან ოჯახები, მერიაში განმარტავენ, რომ პოტენციური ბენეფიციარი ბოლო 15 წლის განმავლობაში აუცილებლად რუსთავში უნდა იყოს რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ რუსთავს ამ დრომდე მიუსაფარი ადამიანებისთვის მხოლოდ 12 ბენეფეციარზე გათვლილი თავშესაფარი ჰქონდა, რომელიც შვეიცარიის დაფინანსებით გაკეთდა.

ახალი თავშესაფრის მშენებლობაზე კი, რუსთავის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 107 177.07 ლარია გამოყოფილი, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი - 717 261.93 ლარი.

რაც შეეხება საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორებიცაა ბათუმი და ქუთაისი, ბათუმის მუნიციპალური თავშესაფარი მხოლოდ 50 ბენეფიციარზეა გათვლილი.

როგორც თავშესაფარში ამბობენ, ამ ეტაპზე საცხოვრისი სრულად დატვირთულია. თავშესაფარი კი, იმის მიუხედავად, ადამიანი ჩაწერილია ბათუმში თუ - არა, ყოველ მსურველს იღებს. ამ შემთხვევაში მთავარია, ეს ადამიანი ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიიყვანოს.

ქუთაისსაც აქვს თავშესაფარი, რომლის მშენებლობაზეც 4 მილიონი 300 ათასი ლარი დაიხარჯა. საცხოვრისი 82 ოჯახზეა გათვლილი, ამ ეტაპზე კი სულ 2 ოჯახის ადგილია დარჩენილი, რომლის შერჩევაც გარკვეული კრიტერიუმებით ხდება.

ქუთაისშიც რუსთავის და თბილისის მსგავსაც, ბენეფიციარი აუცილებლად უნდა იყოს ადგილობრივი ქალაქში რეგისტრირებული, რათა თავშესაფარში ადგილი მიიღოს.
თბილისში, ლილოს დასახელებაში არსებულ თავშესაფარში, რომელიც 240 ადამიანზეა გათვლილი, ამ ეტაპზე თავშესაფრის მომსახურებით დაახლოებით 114 ადამიანი სარგებლობს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები