რამდენიმე ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და შეამცირა ეფექტური საპროცენტო განაკვეთები ლარში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ახალ საბანკო რეგულაციებს შეეხებოდა, რომლის ფარგლებშიც განვადებებისა და იპოთეკური სესხების აღება გაჭირდა, ტექნიკის მაღაზიები კი შიდა განვადებებზე გადასვლას აპირებენ. ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად ჰქონდა ეს რისკები გათვლილი მთავრობას, როდესაც რეგულაციებზე მუშაობდა, რადგანაც არის რისკი, რომ არასაბანკო დაწესებულებებმა საბანკო საქმიანობა დაიწყონ.
მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობას ეს რისკები გააზრებული ჰქონდა.
“მივესალმები, რომ ლარში, რამდენიმე ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და შეამცირა ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. ეს არის ერთადერთი სწორი გზა: ლარიზაცია, პროცენტების შემცირება იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ბინების შეძენა და იპოთეკური სესხები. რაც შეეხება განვადებებს მაღაზიებში საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ეს კითხვა არის იმ ბუნების, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება. არ ვიცი რამდენად შეიძლება ჩვენი კანონმდებლობა ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს”,- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

























