საქართველოს მელიორაციის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ხმელიძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში სამელიორაციო სპეცტექნიკის ქირავნობაზე ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ.
მისი ინფორმაციით, ამჟამად "საქართველოს მელიორაცია" 434 ერთეულ სპეცტექნიკას ფლობს, თუმცა როგორც ხმელიძე ამბობს, საკმარისი რაოდენობა არ არის. ამასთან, ის დასძენს, რომ სპეცტექნიკა მუშაობს ისეთ პირობებში, რომ ძალიან დიდია რისკი გაფუჭების შესაბამისად, რამდენი ტექნიკის შეძენაც არ უნდა მოხდეს, ის საკმარისი მაინც არ იქნება. ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ტენდერი გამოაცხადოს საქართველოს მასშტაბით ტექნიკის ქირავნობაზე, რათა რისკები შეამცირონ და სამუშაოს წარმოებაში ხელი არ შეეშალოთ.
“სპეცტექნიკა 434 ერთეული გვაქვს, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი სპეცტექნიკა მუშაობს ისეთ პირობებში, რომ ძალიან დიდი რისკს ქმნის გაფუჭების. ეს არის ტყე, წყალი, მდინარეები და ა.შ. შესაბამისად, შევიმუშავეთ ალტერნატივა. საქართველოს მასშტაბით, ვაპირებთ შესყიდვას ქირავნობაზე, რათა ხელი არ შეგვეშალოს სამუშაოების წარმოების მხრივ.
ეს რისკი დავაზღვიეთ ასე. ბაზრის კვლევა უკვე ჩატარებული გვაქვს და რამდენიმე დღეში ტენდერს ქირავნობაზე ვაცხადებთ. ფაქტია, სხვა საშუალება არ გვაქვს. რამდენი ტექნიკაც არ უნდა ვიყიდოთ, შესაძლოა ისეთი ნალექი მოვიდეს და ისეთი მდგომარეობა შეიქმნას სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე, რომ ათეულობით ტექნიკა დაგვჭირდეს”, - აცხადებს ხმელიძე.




























