სასტუმროების ქართული ციფრული პლატფორმა "რადარი", რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, SelectUSA-ის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობდა, საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის ახალი გადაწყვეტებით დაბრუნდა - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში პლატფორმის დამფუძნებელმა, მაია მახათაძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ დარგში ბევრი გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრაც პროცესების ოპტიმიზაციით შეიძლება.
"მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ასეთ მასშტაბურ დონეზე შეხვდე სხვადასხვა ბაზრის ლიდერებს, რომლებიც იქ იმისთვის შეიკრიბნენ, რომ [არა მხოლოდ] თავიანთი წარმატება ჩამოიტანონ, არამედ შემდეგ უფრო მრავალმნიშვნელოვანი აქცენტები წაიღონ შინ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დაგვენახა ციფრული ტექნოლოგიური სამყარო სტუმარმასპინძლობის მიმართულებაში, გვეპოვა გადაწყვეტილებები, რომლებსაც უფრო მაღალ დონეზე დავნერგავთ ქვეყანაში და ვიფიქრებთ ჩვენი კომპანიის გაზრდასა და განვითარებაზე სხვადასხვა ლოკაციაზე.
ჩვენს დარგში ყველა ვმუშაობთ სიახლეებზე - რა დავნერგოთ, როგორ შემოვიტანოთ სიახლეები… ყველა ბიზნესს აქვს თავის გამოწვევა, ჩვენს დარგს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, როგორც სასტუმროების დატვირთულობის გადაჭრის პრობლემის, ასევე პროფესიონალი კადრების შეძენისა და შენარჩუნების მიმართულებით. ამიტომ, ასეთ დროს ძალიან გაინტერესებს სხვა ქვეყნები ამას როგორ აგვარებენ და რა არის ის ახალი უნარები, რომლითაც პროცესების ავტომატიზაცია მიიღწევა, რათა ღირებული კადრები სხვა ტიპის განვითარებას მოახმარო. ნებისმიერი დაზოგილი პროცესი კი ზოგავს ხარჯებს და შენს ეფექტიანობას ზრდის", - აღნიშნა "რადარის" დამფუძნებელმა.
მაია მახათაძემ აღნიშნა, რომ "რადარი" ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქვეყანაში ახალი ცოდნით დაბრუნდა, რომლის ქართულ რეალობას მორგებაზეც უკვე მუშაობს.
"რამდენიმე გადაწყვეტილებით ჩამოვედით, რომლებზეც მუშაობა, პირველ რიგში, გუნდში დავიწყეთ. დეველოპერებთან, ახალგაზრდა, ჭკვიან ადამიანებთან ერთად დავიწყეთ ისეთი უნარების გამომუშავება, რომლის ამერიკული ანალოგიც უნდა გადმოვაქართულოთ და ჩვენი ბაზრის გამოწვევებს მოვარგოთ. არის სიახლეები, რომლებზე მუშაობაც დაწყებულია და მალე ჩვენს პლატფორმაზე ბევრი ახალი ავტომატიზებული პროცესი გამოჩნდება", - აღნიშნა მაია მახათაძემ.




























