ფინანსური სანქციების ცალკეული პირებისთვის დაწესებამაც კი შესაძლოა ავიასექტორს დარტყმა მიაყენოს - სექტორის წარმომადგენლები სტრატეგიული კურსის ცვლილებაზე შიშობენ და მიიჩნევენ, რომ ამ მოვლენებს ავიაბაზარზე ნეგატიურ გავლენა ექნება, დაზარალდება ქვეყნის რეპუტაცია, რაც ინვესტორების ნდობას შეარყევს.
კომპანია "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკვე აქვს გავლენა, მათ შორის, ავიაციის სექტორზეც. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო უკვე კითხვები აქვთ სალიზინგო კომპანიებს, რომელთა დახმარებითაც ავიაკომპანიებს საქართველოში თვითმფრინავები შემოჰყავთ. კოდუას განცხადებით, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის გამო სალიზინგო კომპანიებმა თანამშრომლობაზე უარი უთხრეს.
“90% ავიაკომპანიების არ ყიდულობს თვითმფრინავებს, რადგან ბორტი რომ შეიძინო 100-150 მლნ დოლარი ღირს თითო ბორტი და საჭიროა 2-3 მილიარდი დოლარია საჭირო ფლოტისთვის, აქედან გამომდინარე ავიაკომპანიებს ლიზინგის გავლით შემოჰყავთ ავიაკომპანიები, რომელიც არის ასოცირებული ბანკებთან. ბანკების გასცემენ სესხს სალიზინგოებზე და ჩვენ გვეძლევა საშუალება ამ ფინანსებით თვითმფრინავებით ოპერაციები განვახორციელოთ", - განაცხადა კოდუამ.
მისივე თქმით, რამდენიმე თვეა კომპანია სირთულეებს შეეჯახა. კოდუას მაგალითად მოჰყავს ამერიკული კომპანია, რომელთანაც ყველა პროცედურები გავლილია, თუმცა ისინი ამბობენ, რომ არსებობს პრობლემები სახელმწიფოსთან.
"აგრეთვე არ გვაქვს კეიპტაუნის ხელშეკრულება, ესეც გვაფერხებს ავიაციის ინდუსტრიაში, რომ სალიზინგო თვითმფრინავებით განვახორციელოთ ოპერირება. როცა არ არის ეს ხელშეკრულება, სახელმწიფო იღებს გარანტიას. ასევე, როცა სახელმწიფო მდგრადია და არის პოლიტიკური მესიჯები, რომელიც აკმაყოფილებს ლიზინგურ კომპანიებს და ხდება ბორტის გადმოცემა.
მათ აქვთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე, აქედან გამომდინარე რამდენიმე კომპანიამ უარი გვითხრა თვითმფრინავის ლიზინგით გადმოცემაზე, თუ ვსაუბრობთ შეძენაზე ძველ თვითმფრინავებზეა საუბარი. შესაბამისად, საქართველოს ავიაბაზარზე ჩნდება ძველი ბორტები, ახლები აღარ შემოდის, ძველი იაფია.
ჩვენ კონკურენტუნარიანები ვეღარ ვხდებით ევროპის ბაზარზე, მგზავრს სჭირდება ახალი ბორტი, უფრო უსაფრთხო”, - ამბობს “ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი კოდუა.