რამდენიმე კვირაში, თბილისში “დიზაინ-ინსტიტუტი” ამოქმედდება, - ამის შესახებ მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა, ნინჩო ეგაძემ BMGDrive-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინსტიტუტი ნებისმიერ მსურველს დიზაინის სხვადასხვა მიმართულებას შეასწავლის, მეორე მხრივ კი, ბიზნესს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზას დიზაინის დახმარებით შესთავაზებს.
“დიზაინ-ინსტიტუტი” - ეს არის კვლევითი საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანსა და ბიზნესს საშუალებას აძლევს, დიზაინის საშუალებით იპოვოს პრობლემის გადაწყვეტა.
გთავაზობთ როგორც საბაზისო კურსებს 16+ ასაკის ადამიანებისთვის, რათა თქვენს სამომავლო პროფესიაზე ორიენტირდეთ, ასევე ბიზნესისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზებს. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ საცობებზე, გზების პრობლემებზე, ესეც დიზაინ პრობლემაა, რომელიც დიზაინ ექსპერტების, ურბანისტი სპეციალისტების დახმარებით შეიძლება მოგვარდეს”, - განმარტავს “დიზაინ ინსტიტუტის” დამფუძნებელი.
ნინჩო ეგაძის თქმით, ამ დრომდე საქართველოში სივრცე, რომელიც სპეციალისტებს აკადემიური, სასწავლო თვალსაზრისით გააერთიანებდა, არ არსებობდა.
“ფრაგმენტულად ასეთი ინფორმაცია არსებობს, საბედნიეროდ, ნულიდან არ ვიწყებთ. თუმცა გაერთიანებული სახე ამას არ ჰქონია, ნაწილ-ნაწილ არსებობენ ნიჭიერი სპეციალისტები, აკადემიური და სასწავლო კუთხით კი ნაკლებად. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ყველა ქართველი სპეციალისტის ერთობას მოვიაზრებ”, - ამბობს ნინჩო ეგაძე.