,,რამდენიმე წელში საბოლოო სტატისტიკურ მონაცემებში უნდა მივიღოთ გენდერული თანასწორობა” - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გენდერულ სახელფასო სხვაობაზე საუბრისას განაცხადა. საქმე ისაა, რომ გასულ წელს მთავრობამ ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია” შეიმუშავა, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვის ჩამოყალიბება და ძირითადი პოლიტიკის განსაზღვრა. წილოსანის თქმით, შემუშავებული გეგმის მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება.
,,კონცეფცია არ არის მყისიერი მოქმედების, ეს არის გრძელვადიანი ხედვა, რომელზეც უნდა დააფუძნოს სხვადასხვა სამინისტრო იქნება, თუ სახელმწიფო უწყება, თავისი სტრატეგიული სამოქმედო გეგმები. თითოეულ დაკავშირებულ მხარესთან, სამინისტროებთან, გვაქვს ურთიერთობა. ჩვენ პერიოდულად უნდა შევამოწმოთ და უკვე დაახლოებით ერთი წლის თავზე, აუცილებლად გვექნება აღნიშნული კონცეფციის მოსმენა და საბოლოო ჯამში სტატისტიკურ მონაცემებში უნდა ვიხილოთ თანასწორობა.” - აღნიშნა წილოსანმა.
BMG-ის კითხვაზე, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო შემუშავებული კონცეფციის ფარგლებში ქალთა შრომის ბაზარზე მეტად ჩართულობისთვის, წილოსანი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააფართოვა ქალების პროგრამა სათბურების საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებთ. მისი განმარტებით, მიმდინარეობს ასევე მუშაობა ქალთა ბიზნესის სერტიფიცირების საკითხზეც.
"სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააფართოვა ქალების პროგრამა, რომელიც სათბურების საგრანტო დაფინანსებას გულისხმობს და ჩაერთო სხვადასხვა მუნიციპალიტეტები. ასევე ის კვოტები, რომლებიც ქალებისთვის არსებობს. ვმუშაობთ ქალთა ბიზნესის სერტიფიცირების საკითხზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესი და შესყიდვები, როგორც სახელმწიფო და ასევე შესაძლებელია, კერძო შესყიდვები უფრო მგრძნობიარე გახდეს ქალების მიერ ნაწარმოები პროდუქტების მიმართ”, - ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
შეგახსენებთ, მთავრობამ 2023 წლის 23 მარტს ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია”დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვის ჩამოყალიბებას. კონცეფცია ასაბუთებს ღონისძიებების როგორც მაკრო, ისე მიკროდონეზე განხორციელების საჭიროებას და მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებით საქართველოში თანასწორობის განმტკიცებისკენ.