მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენიმე თვე მოვანდომეთ „ბასკინ რობინსთან“ მოლაპარაკებას, რათა საქართველოში ყოფილიყო სპეციალური ფასი“

6099720f8f54f
თამთა ჯიჯავაძე
10.05.21 21:44
5084
ამერიკული ნაყინის ბრენდის „ბასკინ რობინსის“ პირველი კაფე საქართველოში უკვე გაიხსნა და პირველივე დღესვე მასთან მომხმარებელთა გრძელი რიგებიც დაფიქსირდა. ეს საქართველოში „ბასკინ რობინსის“ პირველი შემოსვლა არ არის, ამერიკული ბრენდი ჩვენს ქვეყანაში 1990-იან წლებშიც შემოვიდა, თუმცა, შემდეგ დაიხურა. ახლა კი, მომხმარებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა „ბასკინ რობინსის“ ნაყინი საქართველოშიც დააგემოვნოს. პირველი კაფე თბილისში, ჭავჭავაძის #17-ში გაიხსნა.

რატომ გადაწყვიტეს „ბასკინ რობინსის“ საქართველოში შემოყვანა და რა გეგმები აქვს კომპანიას, - ამის შესახებ „ბასკინ რობინს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელმა ნიკა ბაქარაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში პრემიალური ნაყინი არ იყო. ამიტომაც გადაწყდა ამ ბრენდის შემოყვანა. რაც შეეხება ფასს, ბაქარაშვილის თქმით, საქართველოს ბაზრისთვის „ბასკინ რობინსის“ ნაყინს იდეალური ფასი აქვს.

„ჩვენ რამდენიმე თვე მოვანდომეთ „ბასკინ რობინსთან“ მოლაპარაკებას, რათა საქართველოში ყოფილიყო სპეციალური ფასი. ზოგადად, „ბასკინ რობინსის“ ნაყინი ძვირია, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ამ ბრენდის ნაყინი ყველაზე დაბალ ფასად იყიდება“, - განაცხადა მან.

„ბასკინ რობინსის“ ნაყინის კაფეები მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გამოჩნდება. იგეგმება 20 კაფის გახსნა. მხოლოდ წელს 10 კაფეს უნდა ველოდოთ, მათ შორის ბათუმში ორი კაფე გაიხსნება, გორსა და თერჯოლაში - თითო-თითო. ასევე დაემატება თბილისს მორიგი კაფეები, სავაჭრო ცენტრებში: „ისთ ფოინთში“, „სითი მოლსა“ და „გალერია თბილისში“.

ნიკა ბაქარაშვილმა სხვა გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 15 ივნისიდან მომხმარებელს რომელიმე რითეილ-ქსელშიც ექნება „ბასკინ რობინსის“ ნაყინის ყიდვის შესაძლებლობა. თუმცა, რომელში, ჯერ უცნობია. ასევე პრემიუმ დონის ნაყინი შევა მაღალი დონის რესტორნებსა და სასტუმროებშიც.

ცნობისთვის: ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი” 1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. კომპანია ნაყინების ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს და დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, 8000 კაფეს მოიცავს. ბრენდი ოპერირებს 50 ქვეყანაში.

თავდაპირველად ბასკინ რობინსი 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს, რაც მათ ლოგოშიც აისახებოდა. რიცხვი „31“ აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველ დღე, ახალი გემო გაესინჯა. დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმხარისხის ნაწარმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები