მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენით გაუძვირდებათ საშუალო და მაღალშემოსავლიან პირებს ჯანმრთელობის დაცვა? - ცვლილებების შედეგები

58d3e0ce750b2
სალომე მეცხვარიშვილი
24.03.17 09:47
1245
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველაო ჯანდაცვის პროგრამაში დაანონსებული ცვლილებებით, 300 000 მოქალაქეს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისთვის ხარჯი გაეზრდება. ეს ძირითადად მაღალ და საშუალოშემოსავლიან პირებს ეხებათ ანუ იმ ადამიანებს, ვისი შემოსავალიც წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება; ასევე, ხარჯი გაეზრდებათ იმ ადამიანებს, ვისი შემოსავალიც საშუალო ხელფასზე მაღალია, მაგრამ წლიურად 40 ათას ლარს არ აჭარბებს.

საქმე ისაა, რომ მაღალშემოსავლიან ადამიანებს, რომელთა რიცხვი 32 ათასია, სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და მათ კერძო დაზღვევის შეძენა მოუწევთ, რაც თავისთავად დამატებითი ხარჯი იქნება მათთვის.

მეორე მხრივ, არსებობს საშუალოშემოსავლიან პირთა წრე, - სულ 300 ათასი ადამიანი, რომლებმაც უნდა აირჩიონ ან კერძო ან საყოველთაო დაზღვევა - რადგან მათ აღარ ექნებათ უფლება, შეიძინონ საყოველთაო დაზღვევის პაკეტზე ე.წ. დაშენებული, შემავსებელი პაკეტები.

თუ ისინი საყოველთაო ჯანდაცვაში დარჩებიან, შეუმცირდებათ სახელმწიფო დაფინანსება და გაეზრდებათ ჯანდაცვის ხარჯი, რომელსაც აქამდე სახელმწიფო იხდიდა. საყოველთაო ჯანდაცვაში დარჩენის შემთხვევაში, გადაუდებელი სტაციონარი 100%-ის ნაცვლად, 90%-ით დაუფინანსდებათ; გეგმიურ სტაციონარში კი დაფინანსება 70%-მდე მცირდება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის დანახარჯი 1000 ლარს აღემატება. 1000 ლარამდე ხარჯის დაფარვა პაციენტს თავად მოუწევს.

ხარჯი გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ საშუალოშემოსავლიანი პირები კერძო დაზღვევას შეიძენენ, რამდენადაც აქამდე მხოლოდ დაშენებული პაკეტის ფულს იხდიდნენ, დანარჩენს კი სახელმწიფო ანაზღაურებდა. ახლა კი თუ იმავე სერვისებით სარგებლობა სურთ, ახალი პაკეტის შეძენა მოუწევთ, რომელიც წინაზე ძვირი ეღირება, რადგან მასში სრულად შევა ერთი მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვაში შემავალი სერვისები, მეორე მხრივ, დაშენებული პაკეტის სერვისები.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ე.წ. დაშენებული პაკეტების მქონე პირების შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს თვეში 13 ლარი უჯდებოდა, დანარჩენს სადაზღვევო აფინანსებდა. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის ანალოგიური პაკეტის შეთავაზება სადაზღვევო კომპანიებს 25-27 ლარად შეუძლიათ, თუმცა, ამაში არ შედის ე.წ. დაშენებული პაკეტი - საუბარია მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში შემავალ მომსახურებაზე. თუ მომხმარებელს სურს, რომ ისეთივე პაკეტით ისარგებლოს, როგორითაც ცვლილებებამდე სარგებლობდა, მოუწევს, შემავსებელ სადაზღვევო პაკეტს თანხა დაამატოს (დაახლოებით 25-27 ლარი, რითიც საყოველთაო ჯანდაცვაში შემავალ სერვისებს უკვე თავად შეიძენს).

როგორც "საქმის კურსს" სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" სამედიცინო დირექტორმა ბესიკ ფესტვინიძემ განუცხადა, ასეთი პაკეტის შეძენა მომხმარებლებს დაახლოებით 35 ლარი დაუჯდებათ. კომპანია "იმედი L"-ის გენერალური დირექტორის გივი გიორგაძის განცხადებით კი, 25-ლარიან პაკეტს კიდევ დაახლოებით ამდენი უნდა დაემატოს, რომ მთლიანობაში მომხმარებელმა ნორმალური სადაზღვევო პაკეტი მიიღოს.

ამავე ლოგიკით შესაძლოა, გაუძვირდეთ ჯანმრთელობის დაცვა დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. მათ შემთხვევაშიც სახელმწიფო დაფინანსება მცირდება - სასწრაფო ამბულატორია 50%-მდე, გეგმიური სტაციონარი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურდებათ, თუ დანახარჯი 500 ლარს აღემატება. თუმცა, მათ აქვთ პრივილეგია ერდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებიტა და კერძო საადზღვევო შემავსებელი პაკეტით.

შედეგად, კომპანიები აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე არსებულ პაკეტებს არ გააძვირებს, რადგანაც ასეთი ტიპის პაკეტი აქამდე არც არსებობდა. კომპანიებს უბრალოდ მოუწევთ, ახალი სადაზღვევო პაკეტები შეიმუშაონ.

"ჯი-პი-აი ჰოლდინგის" დირექტორი პაატა ლომაძე: დღესდღეობით ჯიპიაი ჰოლდინგი არსებული პაკეტების გაძვირებას არ გეგმავს. შესაძლებელია, უბრალოდ უფრო დახვეწილი და მორგებუილი პროდუქტები გამოვუშვათ. მათი ფასი კი დადგინდება რისკების ანალიზის შესაბამისად. ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის ანალოგიური პროდუქტი ამჟამად არ გვაქვს და მისი მსგავსის შემუშავება მოგვიწევს. შესაბამისად, მისი ფასი დღეს არის ჰიპოთეტური, არ არსებობს ეს ფასი. რეალურად გასაკეთებელია გათვლები იმ პოტენციური ბაზრიდან გამომდინარე, რომლის ათვისებასაც კერძო სადაზღვევო კომპანიები შევძლებთ. გაძვირებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ლაპარაკია არსებულის გაძვირებაზე. არსებულ პაკეტებში გაძვირება კი არ არის მოსალოდნელი. ძველი პროდუქტები დარჩება იგივე ფასში.

"იმედი L"-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე: მიჭირს გავაკეთო ამაზე კომენტარი. საქმე ისაა, რომ ეს არ არის გაძვირება, რადგანაც წინა ფასი არ არსებობდა, ეს ფასი რეალურად არაფერს არ ედრება. ფაქტია, რომ მოდიფიცირდება მთელი სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ შეთავაზებული პროდუქტები. არის იმაში ლოგიკა, რომ საოჯახო პაკეტებს შესაძლოა აზრი დაეკარგოს, მაგრამ რეალურად რა მოხდება, რთული სათქმელია და გამოჩნდება პრაქტიკაში.

"არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორი მიშა ჯაფარიძე: ჯერჯერობით გაძვირებაზე ვერ მოგახსენებთ. ის იდეა, რომელიც უკავშირდება იმას, რომ გაიზარდოს კერძო დაზღვეულთა რაოდენობა, კარგია. დანარჩენს მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი. ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება კორპორაციულ დაზღვევას, აქ კონკურენცია ისედაც ძალიან მაღალია. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი კონკურენცია იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო დაზღვევა სთავაზობს მომხმარებელს იმ სერვისებს, რაც სახელმწიფოს არ აქვს, ვფიქრობ, ადამიანები გააკეთებენ არჩევანს კერძოზე, ვინც ფიქრობს, რომ ეს უფრო მოქნილი და მისთვის მისაღებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები